weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„იბერიაზე“ 10-ჯერ რეიტინგულ ტელევიზიას დავაფუძნებთ ხვალვე - ირაკლი კობახიძე

12:37 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

„იბერია“, რომ აინტერესებდეს რომელიმე ხელისუფალს, „ქართულ ოცნებას“ კი არა, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ ტელევიზია „იბერიას“ გამო მიდის თურმე ესეთ შეთქმულებაზე და გარიგებაზე, რომ რამენაირად ხელში ჩაიგდოს... „იბერიას“ რეიტინგი იცით რამდენია? „იბერიაზე“ 10-ჯერ მეტი რეინტინგის მქონე ტელევიზიას დავაფუძნებთ და ავამუშავებთ ხვალვე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ საქართველოში არსებულ მედია გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ „ტელეარხი „მეცხრე არხიც“ კი უნდა დახურულიყო, „ქარული ოცნება“ ტელევიზიას ხელს აღარ ჰკიდებს“.

„დღევანდელი რეალობა არის ის, რომ „იმედი“ გადახრილია უფრო ოპოზიციურისკენ და არის „რუსთავი 2“, რომელიც ახორციელებს „ბრეინ ვოშინგს“, რაც არის ტვინის გამორეცხვა.

2012 წლამდე იყო რეალობა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებდა სამივე ნაციონალურ  ტელეარხს და ასევე სხვა ტელეარხების უმეტესობას. დღეს არის რეალობა, როდესაც „იმედი არის მეტწილად კრიტიკული და „რუსთავი 2“ არის პარტიული ტელევიზია, სააკაშვილის საკუთრებაში და აწარმოებს „ბრეინ ვოშინგს“.

ანუ პლურალიზმი კი არ მივიღეთ მარტო ქვეყანაში, არამედ არის მედია გარემო, რომელიც ოპოზიციისკენ არის გადახრილი. ეს საამაყოზე მეტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს, რომელიც სავარაუდოდ „იბერიასთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებს, „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს.

„იბერია“ ხელისუფლებას დაფინანსების წყაროს გადაკეტვასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებამ, მათდამი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, „ომეგა ჯგუფს“, რომლის შემადგენობაშიც „იბერიაა“ ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეუქმნა და მათ გადასაჭრელად მაღალჩინოსნები გარიგებას სთავაზობდნენ.

„იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელთა ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის მტკიცებით, ერთ-ერთი ჩანაწერი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ოქუაშვილს მთავრობასთან გარიგებას და ტელეკომპანიის დათმობას სთხოვს. 21 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერში კი სავარაუდოდ ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერები საუბრობენ. ლევან ყიფიანი მათ ფინანსთა ყოფილი მინისტრებისთვის - ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ძვირადღირებულ ავტომობილებს სთხოვს. „იბერიას“ დამფუძნებელმა და პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებული ზეწოლის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო და სისხლის სამართლის საქმეს თან დაერთო ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას დამატებით გავრცელდა. პროკურატურის განმარტებით, აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]