weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პაატა ბურჭულაძე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას შეუერთდა

13:17 კვირა, 30 სექტემბერი 2018

„გრიგოლ ვაშაძე არის ის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესი საქართველოს მოქალაქე და კანონია. მინდა, არჩევნებში საღმა აზრმა გაიმარჯვოს; მინდა, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს და რაც მთავარია, მინდა, ისეთ ოჯახი იყოს ჩვენი ქვეყნის სათავეში, როგორიც ვაშაძეების ოჯახია; ისეთი ქალბატონი იყოს ჩვენი პირველი ლედი, რომელსაც, სადაც შევა, ყველა ფეხზე აუდგება“, - განაცხადა მსოფლიო ბანმა და ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე.

პაატა ბურჭულაძე სიტყვით თბილისის ფილარმონიაში გამოვიდა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე თბილისის მცხოვრებლებს შეხვდა.

„მე აქ მოვედი როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე. არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ პარტიას. მე აქ მომიყვანა ჩემმა გულისტკივილმა. ბევრი რამ არის, რასაც ვერ შევეგუები ამ ქვეყანაში.

ვერ შევეგუები, რომ დღეს ე.წ. სასამართლო და ე.წ. პროკურატურა არის ერთი და იგივე და ქვია სახელი ბიძინა ივანიშვილი. ამ ერთ ადამიანზე ვართ ყველანი დამოკიდებულები, მართლები ვართ თუ მტყუვნები.

ბატონებო, ეს უნდა მორჩეს. როგორ შეიძლება იცხოვრო ისეთ სახელმწიფოში, სადაც ყოველ ნაბიჯზე უსამართლობას ხედავ; როგორ შეიძლება ადამიანი წყნარად ცხოვრობდეს სახლში, როდესაც შვილმოკლული მამები რუსთაველზე სხედან და სამართლას ეძებენ?! თურმე შეიძლება, რომ 21-ე საუკუნეში, საქართველოში მამები იქ ისხდნენ და პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარემ მათ დასცინოს და თქვას, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა და არაფერი მომხდარა. მე მინდა მათ შევახსენო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, „ოცნება“ თუ „ლეიბორისტული პარტია“, ყველას შვილები ჩვენი შვილები არიან და მათ უნდა მივხედოთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ბოროტება სიკეთეზე იმარჯვებს, რის მაგალითადაც ფონდი „იავნანას“ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მოიყვანა.

„რამდენი ძალა და თანხა დახარჯა მთავრობამ, რომ დავშლილიყავით. ფონდი „იავნანა“ მარტო მე ხომ არ ვარ? ყველამ ერთად რამდენი სიკეთე გავაკეთეთ 14 წლის განმავლობაში და უცებ ერთმა ადამიანმა - ეს ნამდვილად ბიძინა ივანიშვილია - გადაწყვიტა და შეგვაჩერეს ერთი წლით. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მალე დამარცხდეს ბოროტება“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ თბილისელ ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისა და გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა: „არ მოგატყუონ, რომ პრეზიდენტს ძალა არ აქვს. პრეზიდენტს ძალა აქვს და ის უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც ასეთ სიტუაციაში ერს წინ გაუძღვება. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანი გრიგოლ ვაშაძეა“.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. Edison Research-ის მიერ „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ვაშაძეს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, დავით ბაქრაძეს და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ მათი შიდა კვლევით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]