პარლამენტის თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი ჰოლოკოსტს შეადარა და თქვა, რომ 9 წელზე კიდევ დიდი ხანი უნდა ისაუბრონ, რადგან „ის იყო გაუპატიურების, წამების და ათასი უბედურების 9 წელი“.
„დღემდე გერმანიაში ჰოლოკოსტის კვალის სანახავად დაჰყავთ ბავშვები იმიტომ, რომ ეს უნდა იცოდეს გერმანელმა ბავშვმა, რომ იგივე არ განმეორდეს.
მასშტაბი არ გქონდათ იმხელა, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს.
ჰოლოკოსტი რა იყო იცით? - ადამიანების ღირსების შელახვა და წამება, თქვენ ეს მასშტაბი ვერ გაქაჩეთ, მაგრამ რომ გქონოდათ საშუალება, ამასაც იზამდით. თქვენი ღირებულება ეგ იყო - ადამიანების წამება და გაუპატიურება. ასე ომახიანად თქვენს ადგილზე არ ვისაუბრებდი.
თქვენ ჩაგაგდებინეთ ხმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ზუსტად 6 წლის წინ და ასევე ჩაგაგდებინებთ მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ კომენტარს სერგი კაპანაძე და აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ირაკლი კობახიძის საქმე არ არის როგორი ტონით ისაუბრებენ.
„თქვენ არ განსაზღვრავთ ჩვენს ომახიანობას. დღემდე გერმანიის მთავრობა აჩვენებს ახალგაზრდებს, რა არ უნდა განმეორდეს. ფაშისტური მთავრობიდან მოყოლებული, დღემდე, გერმანიის ყველა ხელისუფლებას აქვს უფლება ილაპარაკოს ფაშისტური გერმანიის შეცდომებზე, მაგრამ თქვენს ხელისუფლებას, რომელმაც გაასწრო ყველაფერში წინა ხელისუფლებას...“, - მიმართავდა ბობოხიძე ირაკლი კობახიძეს.
„შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი. ამის მოთმენას არ ვაპირებ. 6 წლის წინ დაგამთავრეთ. დამთავრებული ხართ უკვე. თქვენ ხართ დამთავრებული. 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამთავრდებით, ბატონო აკაკი“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ.
უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ 2004 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის „ფეხქვეშ გაიგდო“.
„2004 წელს თუ რაიმე ზეწოლა იყო „იბერიაზე“, რა ისწავლეთ იქიდან? შეიძლება, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ? ეს არის თქვენი გამოსავალი?“, - უპასუხა სერგი კაპანაძემ.
ირაკლი კობახიძემ სერგი კაპანაძე, აკაკი ბობოხიძე და „რუსთავი 2“ სპექტაკლის დადგმაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „იბერიას“ საქმეზე გავრცელებული ჩანაწერები ნამდვილი არ არის.
„ზაზა ოქუაშვილის შემთხვევა არის ერთ-ერთი საუკეთესო შემთხვევა, სადაც სამართლიანობის სრულად აღდგენა მოხერხდა. დღეს ეს ადამიანი ავრცელებს აბსოლუტურად... თვითონ არ გეცინებათ საკუთარ დადგმულ სპექტაკლებზე? გაქვთ საკუთარი მედია საშუალება, პარტიული ტელევიზია და იმით ავრცელებთ ერთი და იგივე ორი ადამიანის ვითომ ჩანაწერს და ამაზე ითხოვთ გამოძიების დაწყებას. გამოძიების დაწყებას რაზე ითხოვთ? არის უსუსრი „რუსთავი 2“-სა და უნიათო „ნაცმოძრაობის“ ხელწერა“, - განაცხადა კობახიძემ.
30 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით ზაზა ოქუაშვილმა ახალ დეტალებზე ისაუბრა. ოქუაშვილის თქმით, 2016 წელს, ბიზნესპრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მას 4 მილიონს პირადად ბიძინა ივანიშვილი სძალავდა. ზეწოლაში მან ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანიც დაადანაშაულა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა, ცემა და გაუპატიურებით დაემუქრა. „რუსთავი 2“ აუდიოჩანაწერებსაც აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ ლევან ყიფიანზე ძალადობას და მუქარას ადასტურებს. ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის.
„იბერიას“ საქმეზე რამდენიმე ფარული ჩანაწერი გავრცელდა. „რუსთავი 2“-ის მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანი ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ოქუაშვილს მთავრობასთან გარიგებას და ტელეკომპანიის დათმობას სთხოვს.