weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წულუკიანი ფარცხალაძეზე: ჯერ მთავარი პროკურორი რომ იყო, მაშინ ვინ უნდა შეეშინებინა

11:40 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

„ფარცხალაძე ჯერ მთავარი პროკურორი რომ იყო, იმას ვინ უნდა შეეშინებინა და ახლა, მთავარი პროკურორი რომ აღარ იყო, მისი შიში ვის უნდა ჰქონოდა?! მით უმეტეს, მამაკაცებს მისი რატომ უნდა შეშინებოდათ?!“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებზე, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით მილიონებს სძალავდა, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი კი „სარდაფში ჩაკეტა“ და შეურაცხყოფა მიაყენა.

„ფარცხალაძე 2016 წლის აპრილში, თითქმის სამი წელია, მთავარი პროკურორი აღარ იყო და მეორე, ლევან ყიფიანი უკვე აღარ იყო მინისტრი. ამიტომ, ამ ორ კაცს შორის რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, სხვისი სახელი გამოიყენეს თუ არა, რომ რაღაც მიზნისთვის მიეღწიათ, ეს ყველაფერი ჩემთვის კითხვებია, რომლებსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს“, – განაცხადა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე - დღის თემა“.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ზაზა ოქუაშვილმა წინასაარჩევნოდ სხვადასხვა მედიასაშუალებაში, სხვადასხვა პარტიაში და არასამთავრობო სექტორის პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებულ ორგანიზაციებში მოკავშირეები იშოვა და იმედი აქვს, რომ ხალხს მოატყუებს და ვალს არ გადაუხდის.

„თურმე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ფინანსურ გაჭირვებას არ უჩივის და ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე მილიონები აქვს დახარჯული, გაუჭირდა ოთხი მილიონი და ვიღაც ოქუაშვილს უთხრა, რომ პარტია დამიფინანსეო. ჩემთვის და ობიექტურადაც, ეს სასაცილო და სახარხარო თემაა.

მაგრამ ის კითხვები, რაც არის ყიფიანი-ფარცხალაძე მართლა მოქმედებდნენ თუ არა, ეს ჩანაწერი ავთენტურია თუ არა, თუ უსინდისოდ არის გამოყენებული იმისთვის, რომ ხალხის ჯიბეში არ დააბრუნო ის, რაც ჯიბეში ჩაიდე - ეს არის 50 მილიონი ლარის დავალიანება...

ეს კაცი ცდილობს, ბინძური მეთოდებით ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს, მაგრამ ჩემი ყურადღება არაფერზე გადადის. გამოძიება მიდის და ის თავის სიტყვას იტყვის.

მას 2014 და 2015 წელს შეღავათები გაუწიეს. რატომ?! იმიტომ, რომ ბიზნესი არ წაქცეულიყო და პატარა დავალიანებისთვის დიდი კომპანია არ დამხრჩვალიყო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. რომ ამბობს, 2016 წელს დამაყაჩაღესო, 2016 წელს მის ქონებას ყადაღა დაედო“, – განაცხადა წულუკიანმა.

30 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით ზაზა ოქუაშვილმა ახალ დეტალებზე ისაუბრა. ოქუაშვილის თქმით, 2016 წელს, ბიზნესპრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მას 4 მილიონს პირადად ბიძინა ივანიშვილი სძალავდა. ზეწოლაში მან ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანიც დაადანაშაულა. ამასთან, „რუსთავი 2-ისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი ამბობს, რომ ლევან ყიფიანი მან თავდაპირველად „ომეგა ჯგუფის“ ლობისტად დაიქირავა, რისთვისაც თანხასაც უხდიდა. მისივე თქმით, ბოლოს გაარკვია, რომ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილისგან იყო მიგზავნილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს ბიძინა ივანიშვილმა დაავალა ლევან ყიფიანისთვის „ჭკუა ესწავლებინა“, რის შემდეგაც ფარცხალაძემ ის გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა, ცემა და გაუპატიურებით დაემუქრა. „რუსთავი 2“ აუდიოჩანაწერებსაც აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ ლევან ყიფიანზე ძალადობას და მუქარას ადასტურებს. ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის.

„იბერიას“ საქმეზე რამდენიმე ფარული ჩანაწერი გავრცელდა. „რუსთავი 2“-ის მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანი ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ოქუაშვილს მთავრობასთან გარიგებას და ტელეკომპანიის დათმობას სთხოვს.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით 51 მლნ 717 ათასი ლარი ერიცხება. მთავრობა „ომეგა ჯგუფის“ ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]