weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნინოწმინდაში ზურაბიშვილმა ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა - არასამთავრობოები

12:51 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

15 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნინოწმინდაში გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებას გმობს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

2 ოქტომბერს, ნინოწმინდაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა: აქამდე მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი], ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა“.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ეს განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება უკანონო აგიტაციის ნიშნებსაც შეიცავს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

„აღსანიშნავია, რომ ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის პირველი რასისტული და  ქსენოფობიური შინაარსის  განცხადება. 2013 წლის 31 იანვარს, საკუთარ Facebook გვერდზე მან ჩინელებთან დაკავშირებით დაწერა: „ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს? როცა გგონია რომ ათი შემოვიდა სინამდვილეში 100-მდე შეიძლება იყვნენ“. ერთ-ერთ  განცხადებაში კი განაცხადა, რომ უცხოელებმა „ჩილიმების ქუჩად არ უნდა გადააქციოს შარდენი და აღმაშენებელი“.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და მიზანმიმართულად ავრცელებენ ქსენოფობიურ განცხადებებს, თუმცა,

სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივია.

ჯანსაღი საარჩევო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანია უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს. ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. ასევე, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ადგილი აქვს აგიტაციას კანონის მოთხოვნათა დარღვევით“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადების ავტორები სალომე ზურაბიშვილს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან. არასამთავრობოები ცესკოს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლასა და რეაგირებას სთხოვენ.

განცხადებას ხელს აწერს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია: თანასწორობის მოძრაობა; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI; მედიის განვითარების ფონდი – MDF; საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI; საფარი; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი – IDSD; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი – CSEM; მედია კლუბი; შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო; ადამიანის უფლებათა ცენტრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]