ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა კანონპროექტის განხილვის გადადება არჩევნების გამო გადაწყვიტა. ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების გზით აპირებს გამარჯვებას, რის შემდეგაც საკანონმდებლო პაკეტს აუცილებლად მიუბრუნდება.
„ამ ე.წ. ხელისუფლების განზრახვა სრულიად ნათელია – იმედი აქვთ, რომ გაყალბების გზით მოიგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, რის შემდეგაც დაუბრუნდებიან კრიმინალურ გეგმებს. ტყუილად გაქვთ ამის იმედი. 28 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი ორ საქართველოს შორის: უძრაობაში, კორუფციაში და კრიმინალში ჩაფლულ საქართველოსა და იმ ეროვნულ, კოალიციურ, პროდასავლურ ხელისუფლებას შორის, რომლის მიზანი იქნება მოქალაქის კეთილდღეობა. ჩვენ 28 ოქტომბერს გადავაქცევთ კიდევ ერთ რეფერენდუმად, რომელიც იქნება იმაზე, გადაიქცევა თუ არა უძველესი კულტურის ქვეყანა, რომელსაც აქვს უზარმაზარი დემოგრაფიული პრობლემები, ნარკოპლანტაციად იმისთვის, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ მამამთავრების ჯიბე გაასქელონ ჩვენი მომავალი თაობების ამოწყვეტის ხარჯზე. არავითარ შემთხვევაში არ მოგცემთ მაგის უფლებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს, რის შემდეგაც ყველა კანონიერი ინსტრუმენტის გამოყენებით, ვეტოდან დაწყებული, მშვიდობიანი დემონსტრაციებით დამთავრებული, „ქართულ ოცნებას“ ამ კანონის მიღების უფლებას არ მისცემს.
ამასთან, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მარიხუანას პროგრამის განხორციელების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.