ერთი თვის წინ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ შემომწირველებს სალომე ზურაბიშვილის დახმარებისკენ მოუწოდა, იოსებ მაკრახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის დროს ფინანსურ დახმარებას ვერ გაუწევდა, რადგან ამის საშუალება არ ჰქონდა.
„მე მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, - თქვა იოსებ მაკრახიძემ სათემო რადიო „მოზაიკასთან“.
იოსებ მაკრახიძე კომპანია „იბოლიას“ 40 % წილის მფლობელია, იმავე კომპანიის 15 – 15 %-ს მისი შვილები - მარიანა და ოფელია მაკრახიძეები ფლობენ. 2016 წლის 31 ოქტომბრამდე იოსებ მაკრახიძე ამავე კომპანიის დირექტორიც იყო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მაკრახიძემ ბიზნესიდან 910 663 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო, 2016 წელს კი 829 319 ლარი.
გორის მაჟორიტარი და მისი კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. 2010 წელს შპს „იბოლიამ“ მაშინდელ მმართველ პარტიას 100 000 ლარი ჩაურიცხა, 2011 წელს - ასევე 100 000 ლარი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი იოსებ მაკრახიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 39 000 ლარი შესწირეს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იოსებ მაკრახიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო, - სახელისუფლებო პარტიას მან 50 000 ლარი გადაურიცხა.