მატჩის საწყის 15 წუთში 3 გოლი გავიდა: ჯერ მე-3 წუთზე არაბული კლუბი დაწინაურდა, შემდეგ კი ხუთწუთიან ინტერვალში „რივერის“ კოლუმბიელმა ლეგიონერმა რაფაელ სანტოს ბორემ დუბლი გაიფორმა და ბუენოს აირესელები წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის სტარტზე „ალ აინმა“ ანგარიში გაქვითა, მას შემდეგ კი გოლი აღარ გასულა და გუნდები თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდნენ, სადაც მასპინძლებს გაუმართლათ და ფინალური მატჩის საგზური მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ „ალ აინმა“ ნახევარფინალამდე ოკეანეთის წარმომადგენელი „ველინგტონი“ და აფრიკის ჩემპიონი ტუნისის „ესპერანსა“ დაამარცხა, „რივერ პლეიტი“ კი გათამაშებაში სწორედ ნახევარფინალიდან ჩაერთო.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ და აზიის საუკეთესო გუნდი „კაშიმა ანტლერსი“ ითამაშებენ, მათში გასული კი „ალ აინს“ 22 დეკემბერს ფინალში შეხვდება.