მთავარი ისაა, რომ „ბარსელონამ“ მადრიდის „ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოპოვებული უკანასკნელი გამარჯვებით „ელ კლასიკოს“ დაპირისპირებებში მოგებათა რაოდენობით „რეალს“ გადაუსწრო - 96:95. ამასთანავე „ბარსა“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც მადრიდული გრანდი მისავე მოედანზე სამდღიან ინტერვალში ორჯერ დაამარცხა - მოგეხსენებათ, შუა კვირაში ერნესტო ვალვერდეს გუნდმა „რეალს“ ესპანეთის თასზეც სძლია. უფრო შორს თუ წავალთ, უკანასკნელ 10 წელიწადში „ბარსელონამ“ მადრიდში „რეალს“ 10 შეხვედრა მოუგო.
მატჩი ამჯერად პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურში შედგა. მასპინძელი „რეალი“ მოსაგებად იყო განწყობილი, ცდილობდა, უტევდა, მაგრამ ენერგია არ ყოფნიდა. შეხვედრის ბედი ივან რაკიტიჩის ერთადერთი გოლით გადაწყდა და „რეალიც“ ფაქტობივად, გამოეთიშა საჩემპიონო ბრძოლას, რადგან ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში ლიდერ „ბარსელონასთან“ 12-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პრიმერა დივიზიონის პირველ წრეში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „რეალი“ 5:1 გაანადგურა, რასაც მადრიდული გრანდიდან ხულენ ლოპეტეგის გათავისუფლება მოყვა.