weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რონალდოს ჰეთ-თრიქით „იუვენტუსი“ მეოთხედფინალშია

10:39 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური შეხვედრა, რომელშიც „იუვენტუსმა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა, კრისტიანო რონალდოს ბენეფისად იქცა. ტურინულმა გრანდმა, რომელსაც ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებდა, სწორედ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დახმარებით დაამარცხა დიეგო სიმეონეს გუნდი და მეოთხედფინალში გავიდა.

„იუვენტუსმა“ პირველივე წუთებიდან მძლავრად შეუტია მეტოქეს, რომელიც მხოლოდ დაცვაზე იყო ორიენტირებული და წინ ვერ მიდიოდა. „ბებერმა ქალბატონმა“ მე-4 წუთზე სწრაფი ბურთი გაიტანა, მაგრამ ჯარიმის გამო გოლი განულდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საწადელს 27-ე წუთზე მიაღწია - ფედერიკო ბერნარდესკის მაღალ ჩაწოდებას რონალდო თავით დაუხვდა და ანგარიში გახსნა. მეორე ნახევრის დასაწყისში რონალდომ დუბლი შეასრულა და ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგი გაიქვითა, თამაშიც ანალოგიური სურათით გაგრძელდა - „იუვე“ მასირებულ შეტევებს ახორციელებდა, „ატლეტიკო“ კი დაცვაში იდგა და იერიშების განეიტრალებას ძლივს ახერხებდა. მატჩის მიწურულს ტემპი შედარებით დაეცა და თითქოს გუნდებმაც დამატებით ტაიმებზე დაიწყეს ფიქრი, მაგრამ ბერნარდესკი, რომელიც ტურინელთა რიგებში რონალდოსთან ერთად საუკეთესო იყო, საჯარიმოში წააქციეს და 86-ე წუთზე პენალტი რონალდომ გოლად გარდასახა. „ატლეტიკო“ თავისი საყვარელი ანტიფეხბურთის გამო სამართლიანად დაისაჯა, „იუვენტუსი“ კი დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე. ეს კრისტიანო რონალდოს მე-8 ჰეთ-თრიქია ჩემპიონთა ლიგაზე, რითაც იგი ლიონელ მესის გაუთანაბრდა.

იუვენტუსი - მადრიდის ატლეტიკო 3:0

კ. რონალდო (27), კ. რონალდო (48), კ. რონალდო (86 პ.).

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ფავორიტმა „მანჩესტერ სიტიმ“ ყველაზე სუსტი მერვედფინალისტი გუნდი, „შალკე 04“ არ დაინდო და 7 უპასუხო გოლით დაასაჩუქრა გელზენკირხენის საფეხბურთო კლუბი. გოლების აღწერას აზრი არ აქვს, პეპ გვარდიოლას გუნდში დუბლით სერხიო აგუერო გამოირჩა.

მანჩესტერ სიტი - შალკე 04 7:0

აგუერო (33 პ.), აგუერო (38), სანე (42), სტერლინგი (52), ბ. სილვა (71), ფოდენი (78), გაბრიელ ჟეზუსი (84).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი საპასუხო მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება: ბაიერნი-ლივერპული და ბარსელონა-ლიონი.

 

ამ თემაზე:

„რეალის“ სამარცხვინო მარცხი „აიაქსთან“

პარიზული სასწაული და ასოცწუთიანი დრამა პორტოში

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]