განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში მასპინძელი „აიაქსი“ მე-5 წუთზევე დაწინაურდა - ამსტერდამელები გუნდის კაპიტანმა მატეის დე ლიგტმა დააწინაურა, ზუსტად ნახევარ საათში კი ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა მეორე გოლიც გაიტანა და „მამლები“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. თავად განსაჯეთ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილ „ტოტენჰემს“ სამი გოლი სჭირდებოდა ფინალში გასასვლელად, რაც წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა მეორე ტაიმში ლიდერობა ბრაზილიელმა შემტევმა ლუკას მოურამ იკისრა და ამსტერდამულ კლუბს ჯერ 54-ე და 59-ე წუთებზე დუბლი შეუსრულა, გადამწყვეტი მესამე გოლი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა და არამარტო „იოჰან კრუიფ არენაზე“ შეკრებილი პუბლიკა, არამედ მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო.
ემოციური, ცრემლიანი, დრამატული და სენსაციური გამარჯვების წყალობით, პოჩეტინოს გუნდმა ახალი ისტორია დაწერა. 1-ელ ივნისს „ტოტენჰემ ჰოტსპური“ უპრესტიჟულესი ტურნირის ფინალში, რომელსაც მადრიდი უმასპინძლებს, ინგლისურ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.
ამ თემაზე: