weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

უსენსაციო ტური ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე

11:48 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

საქართველოს ნაკრების მატჩის პარალელურად ევროპის მრავალ ქალაქში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ციკლის შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც ფავორიტმა გუნდებმა იმარჯვეს.

როგორც ჩანს, A ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ჩეხეთს კოსოვო შეეცილება და არა ბულგარეთი, რომელიც პრინციპულ შეხვედრაში შინ დამარცხდა ახალწარმოქმნილ ნაკრებთან და მდგომარეობა უაღრესად გაიფუჭა. კოსოვოელები იგებდნენ, მერე მარცხდებოდნენ, ბოლოს კი მაინც სამი ქულა წაიღეს სოფიადან. ჩეხეთს რაც შეეხება, საკუთარ კედლებში მათ ის მონტენეგრო დაამარცხეს იოლად, რომელიც ბულგარეთთან ერთად პრაქტიკულად გამოეთიშა ქვეჯგუფიდან გასასვლელ ბრძოლას.

A ჯგუფი:

ბულგარეთი 2:3 კოსოვო

ჩეხეთი 3:0 მონტენეგრო

 

კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო ქვეჯგუფის ლიდერმა უკრაინამ, რომელმაც ამჯერადაც მინიმალური სხვაობით დაამარცხა ლუქსემბურგი და ლიდერობა გაიმყარა. „არენა ლვოვზე“ მატჩის ერთადერთი გოლი „გენტის“ ფორვარდმა რომან იარემჩუკმა მე-6 წუთზე გაიტანა. წინა ტურში უკრაინასთან განადგურებული სერბეთი მალე გამოფხიზლდა და ბელგრადში უმაყურებლო სტადიონზე ლიეტუვა დაამარცხა. ალექსანდარ მიტროვიჩმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი „რეალში“ ახლახანს გადაბარგებულმა ლუკა იოვიჩმა და „ბეშიქთაშელმა“ ადემ ლიაიჩმა გაიტანეს.

B ჯგუფი:

უკრაინა 1:0 ლუქსემბურგი

სერბეთი 4:1 ლიეტუვა

 

ჩვენი ქვეჯგუფის ლიდერმა ირლანდიამ დუბლინში გიბრალტარი დაამარცხა, 10 ქულას მოუყარა თავი და სექტემბერში, შვეიცარიასთან ისევ დუბლინში გასამართი შეხვედრის წინ კომფორტული სიტუაცია შეიქმნა. რაც შეეხება „ჯვაროსნების“ მძლეველ დანიას, მომდევნო ტურში აუტსაიდერ გიბრალტარს ესტუმრება.

D ჯგუფი:

დანია 5:1 საქართველო

ირლანდია 2:0 გიბრალტარი

 

მშრალი ანგარიშები დაფიქსირდა F ჯგუფში, სადაც ლიდერი ესპანეთი სრული სვლით მიიწევს წინ. „ფურია როხამ“ მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მეორე ტაიმში გატეხა შვედური წინააღმდეგობა. აღნიშვნის ღირსია გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელმაც ნაკრებში გამართულ უკანასკნელ 8 მატჩში 7 გოლი გაიტანა. სტუმრად მალტა იოლად დაამარცხა რუმინეთის ნაკრებმა, რომელიც შვედეთის მსგავსად მეორე ადგილს უმიზნებს. საგზურზე მეოცნებე ნორვეგიამ კი მონათესავე ფარერები დაამარცხა ასევე სტუმრად.

F ჯგუფი:

ესპანეთი 3:0 შვედეთი

მალტა 0:4 რუმინეთი

ფარერის კუნძულები 0:2 ნორვეგია

 

დიდი სხვაობებით მოიგეს გუნდებმა G ჯგუფის შეხვედრებიც. ინტერესს იწვევდა პოლონეთ-ისრაელის შეხვედრა, სადაც მასპინძლებმა მიჯრით მეოთხე გამარჯვება მიითვალეს, ისრაელს პირველობა არ დაანებეს და მეტოქე მეორე ადგილზე დატოვეს. მიმდინარე ციკლში პირველი შეხვედრა მოიგო სლოვენიამ, რომელმაც რიგაში 5 უპასუხო გოლი გაუტანა უაღრესად დასუსტებულ ლატვიას. რაც შეეხება საგზურისთვის მებრძოლ კიდევ ერთ გუნდს, ავსტრიამ სტუმრად სკოპიეში დაამარცხა მასპინძელი მაკედონიელები და ისრაელს კვალში ჩაუდგა.

G ჯგუფი:

პოლონეთი 4:0 ისრაელი

ლატვია 0:5 სლოვენია

ჩრდილოეთ მაკედონია 1:4 ავსტრია

 

ამ თემაზე:

ევრო 2020: საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა

საფრანგეთის სენსაციური მარცხი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]