მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ივნისში ორი თამაში ჩაატარა - გიბრალტარს 3:0 სძლია, ხოლო დანიასთან 1:5 დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ქართველთა ორი მეტოქე, შვეიცარია და დანია მსოფლიო ათეულში, შესაბამისად, მე-9 და მე-10 ადგილებზე არიან, ხოლო ირლანდია 32-ე პოზიციას იკავებს.
რამდენიმე გადაადგილება მოხდა ტოპ-ათეულში, თუმცა ლიდერი და ოთხეული უცვლელია. ერთა ლიგის ტრიუმფატორი პორტუგალია კი ორი პიზიციით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზე აინაცვლა. იგივე პროგრესი განიცადა ესპანეთის ნაკრებმა და ახლა უკვე მეშვიდეზეა. ორი პოზიციით ჩამოქვეითდა ურუგვაი, რომელმაც ამხანაგურ შეხვედრაში პანამას მოუგო.
ათეულს მიუახლოვდნენ არგენტინა, გერმანია (თანაბარი ქულებით), იტალია და ჰოლანდია (თანაბარი ქულებით), რომლებმაც რამდენიმე პოზიციით წაიწიეს წინ და შესაბამისად, მე-11 და მე-14 ადგილებზე არიან.
FIFA / Coca-Cola-ს ივნისის თვის რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
- ბელგია - 1746
- საფრანგეთი - 1718
- ბრაზილია - 1681
- ინგლისი - 1652
- პორტუგალია - 1631
- ხორვატია - 1625
- ესპანეთი - 1617
- ურუგვაი - 1615
- შვეიცარია - 1605
- დანია - 1589
აქვე გეტყვით, რომ ამ თვეში ყველაზე დიდი ვარდნა საბერძნეთის ნაკრებმა განიცადა, რომელიც ცხრა ადგილით 52-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, ასეულში ყველაზე დიდი პროგრესი კი, ასევე ცხრა საფეხურით, უნგრეთმა და სომხეთმა განიცადეს და შესაბამისად, 42-ე და 97-ე პოზიციაზე განლაგდნენ.