weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლევან გორგაძე მაისში ოძეკის ტიტულისთვის იბრძოლებს

17:46 ორშაბათი, 26 მარტი 2018

იაპონიის ქალაქ ოსაკაში 2018 წლის საგაზაფხულო სუპერტურნირი ჰარუ ბაშო დასრულდა, რომელშიც ორივე ქართველმა სუმოისტმა ასპარეზობა დადებითი ბალანსით (კაჩი-კოში) დაასრულა.

დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში 10 მოგება და 5 მარცხი მიითვალა, თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ კი მე-2 რანგის დივიზიონ ძურიოში 7 მარცხის წილ 8 გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინმა, რომელმაც იანვარში გამართულ წლის პირველ სუპერტურნირზე (ჰაცუ ბაშო) კარიერაში პირველი „იმპერატორის თასი“ მოიგო, მარტის ტურნირის დაწყებამდე ტრავმა მიიღო, ამ მხრივ 10 გამარჯვება წარმატებულ შედეგად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 5 მარცხში რამდენიმე ნამდვილად დაუგეგმავი იყო, რადგან გორგაძემ შედარებით სუსტ მეტოქეებთან წააგო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ტოჩინოშინმა ოსაკაში ტურნირის გამარჯვებულ იოკოზუნა კაკურიუსაც სძლია, რისთვისაც სპეციალური ჯილდო შიუკუნშო დაიმსახურა.

ამ შედეგებით მოსალოდნელია, რომ მომდევნო შეჯიბრზე, რომელიც ტოკიოში გაიმართება, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის სეკივაკეს (მე-3 რანგი) ტიტულით წარსდგება, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში კი უკვე ოძეკის (მეორე რანგის წოდება) ტიტულის კანდიდატი იქნება.

როგორც აღვნიშნეთ, ჰარუ ბაშოს ტრიუმფატორი კაკურიუ გახდა. 32 წლის მონღოლი ტურნირზე ასევე მოუშუშებელი ტრავმით წარსდგა, თუმცა 13 ორთაბრძოლის მოგება მოახერხა და „იმპერატორის თასი“ მეოთხედ მოიპოვა. კაკურიუს პირველობა უმთავრესი კონკურენტების - იოკოზუნების, ჰაკუჰოსა და კისენოსატოს ტრავმების გამო არყოფნამაც გაუადვილა.

ძურიოში გაგამარუ აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, ამდენად კლასიფიკაციაში მცირედი წინსვლა ელის.

მომდევნო ტურნირი ნაცუ ბაშო სუმოს მექად წოდებულ ტოკიოს დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ 13-27 მაისს ჩატარდება, მანამდე კი 30 აპრილს პროფესიული სუმოისტების რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოქვეყნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]