weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ძიუდოისტების არგუმენტები არის იმის საფუძველი, რომ დავით ქევხიშვილი გადადგეს – შოთა ხაბარელი

14:00 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის განცხადებით, ძიუდოისტებს, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, მყარი არგუმენტები აქვთ. ხაბარელის თქმით, ეს არგუმენტები არის იმის საფუძველი, რომ ქევხიშვილი გადადგეს.

„ქევხიშვილმა დაუშვა მიზანმიმართული შეცდომა, როდესაც ევროპაში აღიარებული მწვრთნელები გადააყენა და მოიყვანა მისი მეგობრები. ბიჭები დიდი ხანია ვეღარ ვარჯიშობენ, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ამ სპორტისთვის. სულ რაღაც სექტემბრის თვეში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება ბაქოში და ასევე იწყება ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს და საკითხს საღი აზრით უნდა მიუდგეს ფედერაციის პრეზიდენტიც იმიტომ, რომ ის არის ერთი, აქეთ კი ნაკრებია“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ძიუდოისტებმა დღეს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს. გუშინ კი მათ დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედეს, მისი სკამი კი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დადგეს.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას უკვე სამი კვირაა ითხოვენ. ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ისინი ვარჯიშს და შეჯიბრებებში მონაწილეობას მანამდე არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სპორტსმენები ფედერაციას მათი და მწვრთნელების კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში ადანაშაულებენ.

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებს და ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის მიმართ ძიუდოისტების მიერ წამოყენებულ ბრალდებებს შეისწავლის. დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს. ამავე დროს, 2017 წლის ნოემბრიდან ის ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]