შოთა ხაბარელი სპეციალური კომისიის დასკვნასა და ძიუდოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნასაც გამოეხმაურა.
„მინისტრმა თქვა, რომ საკითხი შეისწავლა, მეხუთე პუნქტის დარღვევები გამოვლინდა, როცა ქევხიშვილმა მწვრთნელები თანამდებობიდან გადააყენა. კომისიამ აღნიშნა, რომ ეს დარღვევა იყო. ფინანსური მანიპულაცია მოხდა, მწვრთნელებს „ატკატი“ უკან მიჰქონდათ, თავად კი ამბობს, რომ შეთანხმება იყო. არანაირი შეთანხმება და ხელშეკრულება არ ყოფილა. კომისიამ აღნიშნა, რომ ესეც დარღვევაა. ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ თუ კომისია ერთ დარღვევას აღმოაჩენდა, თანამდებობას დატოვებდა. მინისტრმა ცალსახად თქვა, რომ დარღვევა იყო. ანუ, უნდა გადადგეს. სიტყვას ფასი აქვს, მით უმეტეს, კაცებში, მოჭიდავეებსა და სპორტში. ვხედავთ, როგორ ჯიუტდება და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.
ამ პროცესში უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა ადეკვატური რეაქციაა? ვისი მწვრთნელი უნდა იყოს? სირცხვილი არ იქნება, რომ დარბაზში შევა და სპორტსმენები არ დახვდებიან? საქართველოში რომ მწვრთნელები გვყავს, მათზე უკეთესი სად არსებობს?
ჩვენი მწვრთნელები ევროპაში აღიარებული არიან. ევროპის საუკეთესო მწვრთნელი უზნაძე გაუშვა და სადაც წავიდა, იქ საქართველოს აჯობა. არასოდეს მომხდარა, რომ თურქეთს საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე მოეგო“, – აღნიშნა ხაბარელმა.
ხაბარელმა დაადასტურა, რომ მას ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატ თამაზ ნავერიანთან დაპირისპირება მოუვიდა.
„ნავერიანი გამოვიდა და იცავდა, რომ დარღვევა არ იყო. ფაქტიურად, კომისიისა და მინისტრის წინააღმდეგ გამოვიდა და ჩვენი დაპირისპირებაც ამან განაპირობა. ქევხიშვილს პირდაპირ იცავდა. ქევხიშვილი დღესვე უნდა იყოს გადამდგარი. ადამიანი არსებობს, რომელიც მას აჩერებს – ადამიანი წყლიდან რომ ამოდის და უკან რომ ითრევს. ცეზარ ჩოჩელს თავისი გაჭირვება ეყოფა. ჩოჩელი ხმამაღლა ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი მისი ძმაკაცია. იმ არეალიდან ვერ გამოვიდა, კიდევ იქ არის დარჩენილი“, – განაცხადა ხაბარელმა.
სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ძიუდოს ნაკრების წევრთა მიერ ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები და ფედერაციაში არსებული შესაძლო ფინანსური დარღვევები უნდა შეესწავლა, მუშაობა დაასრულა. როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, წარმოება არასწორად იყო გაკეთებული ერთ დოკუმენტში, რომელიც მწვრთნელებისთვის სტიპენდიის გაყოფას ეხებოდა. მინისტრის თქმით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობა არ იკვეთება.
ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომას 4 მაისიდან ითხოვენ. ნაკრების წევრები არ მონაწილეობენ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სპორტსმენებმა ფედერაცია კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში დაადანაშაულეს. ძიუდოისტებმა ქევხიშვილის სამუშაო ოთახის კარიც აუჭედეს.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა 26-29 აპრილს, თელ-ავივში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობა. ძიუდოს ნაკრების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა. მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიელი ლუი ვეიდენბოსხი ინიშნება.