შეგახსენებთ, რომ მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით ხანგრძლივი დავის შემდეგ შეთანხმებას, ამ ქვეყნისა და საბერძნეთის მთავრობებმა 2018 წლის ივნისში მიაღწიეს. საბერძნეთი მოითხოვდა, „მაკედონია“ ოფიციალურად მხოლოდ მის ისტორიულ მხარესა და საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ პროვინციას რქმეოდა.
ცნობილია, რომ საბერძნეთი, ევროკავშირი, გაერო და NATO ბალკანეთის ამ სახელმწიფოს აქამდე უწოდებდნენ „იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას“, ინგლისური აბრევიატურით - FYROM ან FYR Macedonia (Former Yugoslav Republic of Macedonia), რითაც ამ სლავურ ქვეყანას ისტორიულ ბერძნული მაკედონიისგან განასხვავებდნენ. თავის მხრივ აღნიშნულ აბრევიატურას არ ცნობდა მაკედონია.
აღსანიშნავია, რომ მაკედონია საბერძნეთთან მრავალწლიან დავაში აქამდეც წავიდა დათმობაზე, როდესაც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებისას მიღებული ეროვნული დროშა, რომელზეც ისტორიული მაკედონიური სიმბოლო - ვერგინას მზე, იგივე „მაკედონიური ვარსკვლავი“ იყო გამოსახული, საბრძნეთის კატეგორიული მოთხოვნისა და ერთწლიანი ენერგობლოკადის გამო 1995 წელს შეცვალა.
საბერძნეთის პროვინცია მაკედონიის დროშა, რომელზეც გამოსახულია უძველესი სიმბოლო - ვერგინას მზე
მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული დროშა 1992-1995 წლებში, რომელზეც ასევე იყო გამოსახული უძველესი სიმბოლო - ვერგინას მზე
მაკედონიის რესპუბლიკის ამჟამინდელი ეროვნული დროშა, რომელიც მიიღეს 1995 წელს
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) ელჩებმა 6 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღების პროტოკოლს მოაწერეს ხელი. ახლა ამ შეთანხმების რატიფიცირება ყველა წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოხდეს.