მანამდე, საკუთარი საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების გაყვანა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დაიწყო, ხოლო თანამშრომლებს ნება მისცა, ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვონ. გარდა ამისა, აშშ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, ხოლო იქ მყოფებმა ქვეყნის დატოვებაზე იზრუნონ, რადგან ვითარება არაპროგნოზირებადია და უკრაინაში რუსეთის შეჭრა სერიოზულ გავლენას იქონიებს აშშ-ის საელჩოს შესაძლებლობაზე, მოახდინოს თავისი მოქალაქეების ევაკუაცია.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც „ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის გამოვლინება“.
თავის მხრივ, ევროკავშირის მაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ევროპელი დიპლომატების და მათი ოჯახების უკრაინიდან გაწვევის საჭიროებას ვერ ხედავს. ბორელის თქმით, დრამატიზება საჭირო არ არის.