სააგენტოს განცხადებით, უკრაინიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ატომური ელექტროსადგური ღამით დაიბომბა, რის შემდეგაც გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი პრემიერ მინისტრ დენის შმიგალს და ქვეყნის ეროვნულ ბირთვულ მარეგულირებელს ესაუბრა.
„უკრაინის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ ადგილზე გაჩენილი ხანძარი არ შეეხო „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ აღჭურვილობას და სადგურის თანამშრომლები რისკების შესამცირებლად ზომებს იღებდნენ. მათი თქმით, სადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დააკვირდება და უკრაინასთან მჭიდრო კავშირში დარჩება.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია, ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქში შესვლა სცადეს, თუმცა მოსახლეობამ და ელექტოსაგურის თანამშრომლებმა მათ გზა გადაუკეტეს და ამის უფლება არ მისცეს. წუხელ ცნობილი გახდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიბომბა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი იყო ხუთსართულიან სასწავლო კორპუსში. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. წინასწარი მონაცემებით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.