„რუსეთმა ევროპა და მსოფლიო ბირთვული არმაგედონის ზღვარზე დააყენა. რუსეთის საოკუპაციო ჯარები განზრახ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს არ არის შემთხვევითობა. ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა იმ მიზნით, რომ მსოფლიო კატასტროფა იქნეს გამოწვეული“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.
მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაცილებით ძლიერი და სახიფათოა, ვიდრე ჩერნობილი.
„ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ პუტინის დანაშაულებმა მიაღწია მსოფლიო მასშტაბს და ემუქრება ევროპის არსებობას, შესაძლოა კაცობრიობასაც. ეს დანაშაული აშკარად აჩვენებს, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება მალე შეიქმნას აკრძალული საფრენი ზონა უკრაინაზე, რათა დავიცვათ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ევროპაც და მსოფლიოც. შეაჩერეთ ბირთვული მანიაკი!“, – აცხადებს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე.
4 მარტს, ღამით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია, დაბომბა. შედეგად, ხუთსართულიან სასწავლო კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. წინასწარი მონაცემებით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ ხანძარი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ აღჭურვილობას არ შეეხო, თანამშრომლები კი რისკების შესამცირებლად ზომებს იღებდნენ. მათივე თქმით, სადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ენერგოდარში შესვლა სცადეს, თუმცა მოსახლეობამ და ელექტოსაგურის თანამშრომლებმა მათ გზა გადაუკეტეს და ამის უფლება არ მისცეს. წუხელ ცნობილი გახდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიბომბა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.