ორსული ქალი საავადმყოფოს დაბომბის შემდეგ AP-ის ფოტოგრაფის, ევგენი მალოლეტკას ობიექტივში მოხვდა: ის მაშველებსა და მოხალისეებს დაბომბილი სამშობიაროდან საკაცით გამოჰყავდათ.
ორსული სასწარაფოდ გადაიყვანეს სხვა საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ქირურგ თიმურ მარინის ინფორმაციით, ქალს მენჯის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა, რის გამოც გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩატარება გადაწყდა. როგორც AP წერს, მას შემდეგ, რაც ქალმა გაიგო, რომ შვილს კარგავდა, ყვიროდა: „ახლავე მომკალით!“.
ექიმებმა ბავშვი გარდაცვლილი ამოიყვანეს. მკვეთრად გაუარესდა დედის მდგომარეობაც. სულ ნახევარსაათიანი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მარიუპოლის N3 საავადმყოფო, სადაც ბავშვთა კლინიკა და სამშობიარო სახლი მუშაობდა, 9 მარტს დაიბომბა. იმ დღესვე გარდაიცვალა სამი ადამიანი, რომელთა შორის ბავშვიც იყო. უკრაინა მომხდარში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სამშობიარო სახლი ულტრარადიკალური ბატალიონის, „აზოვის“ ბაზა იყო.
„ეს სამშობიარო სახლი დიდი ხანია აიღეს „აზოვის“ ბატალიონმა და სხვა რადიკალებმა, საიდანაც ყველა მშობიარე ქალი, ყველა ექთანი და საერთოდ მთელი მომსახურე პერსონალი გააგდეს“, – აცხადებდა ლავროვი 10 მარტს და დასავლურ მედიასაშუალებებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა.
რუსული სამთავრობო მედიაშაშულებები, მათ შორის „რია ნოვოსტი“, ამტკიცებდნენ, რომ საავადმყოფოზე თავდასხმა დადგმა იყო, რომელშიც „ერთი ქალი“, ბლოგერი მონაწილეობდა და რამდენიმე ორსულის როლს თამაშობდა.
ავიადარტყმებში მართლაც მოჰყვა ბლოგერი მარია ვიშეგირსკაია, რომელიც ფოტოებზეც არის ასახული. მან მოგვიანებით გოგონა, ვერონიკა გააჩინა.