weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს

21:55 კვირა, 10 სექტემბერი 2017

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა. სააკაშვილს "შეგინის" გამშვებ პუნქტზე მყოფი მხარდამჭერები დაეხმარნენ, რომლებმაც სამხედროების კორდონები გაარღვიეს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილი, მომხრეებთან ერთად, ავტობუსში ავიდა და ლვოვისკენ გაემგზავრა.

საზღვართან მისვლამდე ცოტა ხნით ადრე "შეგინის" გამშვები პუნქტი დაკეტეს იმ მიზეზით, რომ ტერიტორია დანაღმული იყო. გამშვები პუნქტის ორივე მხარეს ათეულობით სპეცრაზმელმა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს. თუმცა სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად, რომელთა შორის უმაღლესი რადას დეპუტატებიც არიან, საზღვრის გადაკვეთა და უკრაინაში მოხვედრა შეძლო.

დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას პოლონეთ-უკრაინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის "კრაკოვეცის" გავლით გეგმავდა. მოულოდნელად მან გეგმა შეცვალა და ქალაქ პერემიშლიდან კიევში გამგზავრება მატარებლით გადაწყვიტა. სამი საათის განმავლობაში მატარებელი ადგილიდან არ დაიძრა. ამის შემდეგ სააკაშვილმა მატარებლით გამგზავრებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ უკრაინაში ავტობუსით "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის გავლით გადავიდოდა, თუმცა ავტობუსმა მარშრუტი შეიცვალა და "შეგინის" პუნქტთან მივიდა. სააკაშვილს იქ მხარდამჭერები დახვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 27 ივლისს ჩამოართვა. 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან თხოვნა, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]