weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„სპეცოპერაციის“ პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია – შოიგუ

14:18 სამშაბათი, 29 მარტი 2022

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დღეს, 29 მარტს განაცხადა, რომ უკრაინაში დაწყებული ე.წ. სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპის მთავარი ამოცანები შესრულებულია. მისი შეფასებით, უკრაინის ჯარმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა, საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემა თითქმის განადგურდა, საზღვაო ძალებმა კი „არსებობა შეწყვიტა“.

„მთლიანობაში ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. საგრძნობლად შემცირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი, რაც იძლევა საშუალებას, რომ ძირითადი ყურადღება და ძალისხმევა ფოკუსირებული იქნეს მთავარი მიზნის - დონბასის გათავისუფლების - მისაღწევად“, – განაცხადა შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დაამატა, რომ „რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეცოპერაციას დასახული მიზნების მიღწევამდე გააგრძელებენ“.

შოიგუს თქმით, რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს NATO-ს მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ NATO-ს ცალკეული ქვეყნების ლიდერების განცხადებებს უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების განზრახვის შესახებ. მათი განხორციელების შემთხვევაში ჩვენ ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ.

მიგვაჩნია, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება უპასუხისმგებლო პოზიციაა. მისი უკონტროლო დარიგება მოსახლეობისა და დაქირავებული მებრძოლებისთვის მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და ამან შემდეგ შესაძლოა შექმნას საფრთხე თავად ევროპელებისთვის“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ომი გააჩაღა. გამთენიისას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ იწყებდა, რომლის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაა“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 მარტამდე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 17 200 სამხედრო, 303 საარტილერიო სისტემა, 597 ერთეული ტანკი და 1710 ჯავშანტექნიკა დაკარგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 მარტს განაცხადა, რომ უკრაინაში 1351 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 3825 კი დაიჭრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]