weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„აზოვის“ პოლკი „აზოვსტალიდან“ იარაღის გარეშე არ გამოვა – ქუფარაშვილი

12:56 პარასკევი, 22 აპრილი 2022

„აზოვის“ პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეთაურის, გიორგი ქუფარაშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლების გუშინდელი განცხადება, რომ მარიუპოლი აიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ქუფარაშვილმა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არსებული ვითარება ახსნა.

„მარიუპოლი იყოფა ორად – მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებად. მარჯვენა სანაპიროზე მცირე ნაწილს, მაგრამ მაინც ვაკონტროლებთ. „აზოვის“ პოლკი ასევე აკონტროლებს მარცხენა სანაპიროზე არსებულ „აზოვსტალის“ ქარხანას და მარცხენა სანაპიროს უმეტეს ნაწილს. ანუ მარცხენა სანაპირო არ არის აღებული, ჯერ კიდევ ბრძოლები მიდის. კი, მოხდა რუსული ქვედანაყოფების გაყვანა, ოღონდ ერთი ქუჩიდან მეორეზე. ეს იყო რეკლამისთვის, იმისთვის, რომ თავიანთი მოსახლეობისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის პროპაგანდა. ვითარება დიდად არ შეცვლილა“, – განაცხადა გიორგი ქუფარაშვილმა, რომელიც ბრძოლაში დაიჭრა და დღეს საავადმყოფოში იმყოფება.

ქუფარაშვილის თქმით, პუტინი „აზოვსტალის“ ბლოკირების მოწოდებით გამოვიდა, თუმცა ეს ტერიტორია, ფაქტობრივად ისედაც ბლოკირებული იყო.

„ისინი ვერ ახდენენ გადმოსვლას „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე. ვადასტურებ, რომ არცერთი ტანკი, არცერთი ქვეითი არ შემოსულა. „აზოვის“ პოლკს უჭირავს „აზოვსტალის“ ტერიტორია იმიტომ, რომ შიგნით შემოსვლას ვერ ბედავენ – ხიდები და საშუალებები, რაზეც შეიძლება ფორსირება მოახდინონ, იქ არ არის. ქვეითები ვერ რისკავენ, იმიტომ, რომ რელიეფი ისეთია, ქვეითების დიდი რაოდენობის დახოცვას გამოიწვევს. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ გენერლებმა აუხსნეს პუტინს, რომ თუ შევიდოდნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, მოახდენდნენ დესანტირებას, გადმოსხმას და ა.შ. იქ მოხდებოდა ისეთი ხოცვა-ჟლეტა, რომ ის ცოცხალი ძალა, რაც „აზოვსტალის“ და მარიუპოლის გარშემოა თავმოყრილი, განადგურდებოდა. 

დაახლოებით ერთი კვირის უკან, ფაქტობრივად, მათმა ქვედანაყოფებმა უარი თქვეს შეტევაზე, იყო ბუნტი, რადგან ცოცხალი ძალის ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდათ. მათ მოუწიათ თავიანთი პირადი შემადგენლობის დარწმუნება. დაიწყეს არტილერიით დამუშავება, სამტტონიანებით გვბომბავდნენ, ზღვიდან გვბომბავდნენ იმისთვის, რომ თავიანთი ქვედანაყოფები გაემხნევებინათ და წამოსულიყვნენ შეტევაზე“, – განაცხადა გიორგი ქუფარაშვილმა.

„აზოვის“ დამფუძნებლის თქმით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ათასზე მეტი სამოქალაქო პირი, სამხედრო გარნიზონის პირადი შემადგენლობის ოჯახის წევრები, ექიმები და ბავშვები იმყოფებიან. როგორც გიორგი ქუფარაშვილი ამბობს, მუდმივი კავშირი აქვს „აზოვის“ ხელმძღვანელობასთან და ამ მომენტისთვის მთავარი პრიორიტეტი „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაა. 

„ეს ძალიან აფერხებს მოქმედებებს, ფაქტობრივად შეზღუდულები ვართ. ეს ბოჭავს სამხედრო მოქმედებებს, მაგრამ არა რუსებისთვის, რადგან რუსებისთვის სულერთია სამოქალაქო იქნება თუ სამხედრო. ეს ძალიან აკავებს დასახული ოპერაციების შესრულებას, რადგან სამხედროები გადართული არიან დაბომბვის შემდეგ კატაკომბებიდან მოსახლეობის გადარჩენაზე. 

„აზოვი“ არ აპირებს დანებებას. ეს არის მთელი იდეაფიქსი, რომ „აზოვი“ იარაღის გარეშე არ გამოვა იქიდან. შეიძლება პრეზიდენტმა გასცეს ბრძანება, რომ გარნიზონი გამოვიდეს, მაგრამ იარაღის გარეშე არ გამოვა“, – განაცხადა გიორგი ქუფარაშვილმა.

ის ვარაუდობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აზოვსტალის დაბომბვას გააგრძელებენ და გარდა ამისა, გადაჯგუფებას ეცდებიან.

„კორიდორის გაკეთების შესაძლებლობა არის, რუსეთი ალბათ იზამს, მაგრამ ამას დროში გაწელავს იმისთვის, რომ მოიგოს დრო და თავის საზოგადოებას აჩვენოს, რომ გაიმარჯვეს. ამასთანავე, გააგრძელებენ „აზოვსტალის“ დაბომბვას, მაქსიმალურად შეეცდებიან, გაასწორონ მიწასთან, მოახდინონ გადაჯგუფება მარიუპოლიდან ჩრდილოეთით – ლუგანსკში. მეორე ვარიანტია, როგორც დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, არ გამორიცხავს სამხედრო გზით მარიუპოლის დაბრუნებას, გათავისუფლებას. ამ ვარიანტსაც ვუშვებ და მივესალმები, მაგრამ ეს ყველაფერი დროსთან არის დაკავსირებული, არის თავისი მინუსებიც და პლუსებიც. 

არ ვიცი, რა უდევთ იმ არანორმალურებს თავში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გაგრძელდება და რუსები „აზოვსტალს“ არ მოეშვებიან, რა დგან მაგათთვის უკვე პრინციპის ამბავიც არის: მარიუპოლი და „აზოვის“ პოლკი სიმბოლოა, სიმბოლო უნდა განადგურდეს, რომ სხვისთვის მაგალითი იყოს. 

სამხედრო თვალსაზრისით, მარიუპოლი არის ლოგისტიკური ჰაბი, სადაც შეიძლება გამოყენებული იყოს პორტი, სხვა ინფრასტრუქტურა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალაქ მარიუპოლიდან დაახლოებით 47 კილომეტრში, სოფელ მანგუშის შემდეგ მთავრდება საზღვარი. შეიძლება თქვან, რომ რისთვისაც ვიყავით შემოსული, გავაკეთეთ. მარიუპოლი შედის დონბასის ოლქში, იმ ადმინისტრაციულ ტერიტორიებში“, – განაცხადა ქუფარაშვილმა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]