ინტერვიუს ნაწილი Vatican News-მაც გამოაქვეყნა. რომის პაპმა და რუსეთის პატრიარქს შორის ეს საუბარი 15 მარტს შედგა.
„კირილს Zoom-ის საშუალებით 40 წუთი ვესაუბრე. 20 წუთის განმავლობაში ის ფურცლიდან კითხულობდა ომის ყველა მიზეზს.
მოვუსმინე და ვუთხარი: ამის შესახებ არაფერი ვიცი. ძმაო, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო მოხელეები, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ პოლიტიკის ენა, არამედ უნდა ვისაუბროთ იესოს ენაზე.
ჩვენ ღვთის წმინდა ხალხის მწყემსები ვართ. ამიტომ უნდა ვეძიოთ მშვიდობის გზა, უნდა გავაჩეროთ ომი. პატრიარქი არ უნდა გადაიქცეს პუტინის საკურთხევლის ბიჭად“, – განაცხადა რომის პაპმა
მისივე თქმით, რუსეთის პატრიარქს იერუსალიმში 14 ივნისს უნდა შეხვედროდა, რაც მათი მეორე შეხვედრა იქნებოდა და ის დაკავშირებული არ უნდა ყოფილიყო ომთან: „მაგრამ ჩვენ ეს შეხვედრა გავაუქმეთ. შევთანხმდით, რომ ის მსოფლიოს ორაზროვან სიგნალს გაუგზავნიდა, რომელიც არ გვჭირდება“.
კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა მოსკოვიდან პასუხი არ მიუღია: „ჩვენ მაინც დაჟინებით ვითხოვთ შეხვედრას, თუნდაც ვშიშობდე, რომ პუტინს არ შეუძლია და არ სურს ეს შეხვედრა, მაგრამ როგორ შეიძლება ამ სისასტიკის შეჩერება?“.
რომის პაპის განცხადებით, ამ ეტაპზე კიევში ჩასვლას არ აპირებს. როგორც ფრანცისკემ განმარტა, პირველ რიგში, მოსკოვს უნდა ეწვიოს და პუტინს შეხვდეს, თუ ეს უკანასკნელი მას კარს გაუღებს.
ამ თემაზე:
რუსეთი არასდროს დასხმია თავს ვინმეს, ის მხოლოდ თავის საზღვრებს იცავდა – რუსეთის პატრიარქი