weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

რუსების ერთადერთი ამოცანა „აზოვსტალის“ აღებაა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

14:40 ორშაბათი, 16 მაისი 2022
15 მაისს აზოვსტალი ცეცხლგამჩენი ჭურვებით დაბომბეს 15 მაისს აზოვსტალი ცეცხლგამჩენი ჭურვებით დაბომბეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსების ერთადერთი ამოცანა „აზოვსტალის“ აღებაა და პუტინს გადაწყვეტილი აქვს, არაფერი შეცვალოს.

„ყველაფერი გასაგებია „აზოვსტალთან“ დაკავშირებით. სამწუხაროდ, მათი ერთადერთი ამოცანა „აზოვსტალის“ აღებაა. აქ სხვა მოდალობა არ არსებობს.

ჯერჯერობით, პრეზიდენტის, მთელი ჩვენი დიპლომატიის და „აზოვსტალში“ მყოფთა ახლობლების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, პუტინის პირადი გადაწყვეტილებაა, რომ არაფერი შეცვალოს“, – განაცხადა დენისენკომ.

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკომ 15 მაისს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა „აზოვსტალის“ ტერიტორია „ცეცხლგამჩენი ან ფოსფორის ჭურვებით“ დაბომბეს. დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „აზოვსტალში“ მყოფთა გადასარჩენად „ძალიან რთული და დელიკატური“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ საკითხზე ყოველდღიურად მუშაობენ.

„აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლები აცხადებენ, რომ ასობით დაჭრილი ჰყავთ, რომლებიც ანტისანიტარიულ პირობებში, საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების გამო, მძიმე მდგომარეობაში არიან. გარდა ამისა, ისინი საკვებისა და წყლის ნაკლებობაზეც საუბრობენ. „აზოვის“ პოლკის მებრძოლები ამბობენ, რომ დაჭრილებს უკვე აღარ შეუძლიათ ბრძოლა და მათ სასწრაფოდ ევაკუაციას ითხოვენ.

„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია, რომელსაც „აზოვის“ პოლკის მებრძოლები, ასევე საზღვაო ქვეითები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები იცავენ, ფაქტობრივად ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომლის აღებასაც რუსები ორ თვეზე მეტია ცდილობენ. „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების ევაკუაცია 7 მაისს დასრულდა.

 

ამ თემაზე:

პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმის გაუქმების და მისი ბლოკირების ბრძანება გასცა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]