„ყველაფერი გასაგებია „აზოვსტალთან“ დაკავშირებით. სამწუხაროდ, მათი ერთადერთი ამოცანა „აზოვსტალის“ აღებაა. აქ სხვა მოდალობა არ არსებობს.
ჯერჯერობით, პრეზიდენტის, მთელი ჩვენი დიპლომატიის და „აზოვსტალში“ მყოფთა ახლობლების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, პუტინის პირადი გადაწყვეტილებაა, რომ არაფერი შეცვალოს“, – განაცხადა დენისენკომ.
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკომ 15 მაისს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა „აზოვსტალის“ ტერიტორია „ცეცხლგამჩენი ან ფოსფორის ჭურვებით“ დაბომბეს. დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „აზოვსტალში“ მყოფთა გადასარჩენად „ძალიან რთული და დელიკატური“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ საკითხზე ყოველდღიურად მუშაობენ.
„აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლები აცხადებენ, რომ ასობით დაჭრილი ჰყავთ, რომლებიც ანტისანიტარიულ პირობებში, საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების გამო, მძიმე მდგომარეობაში არიან. გარდა ამისა, ისინი საკვებისა და წყლის ნაკლებობაზეც საუბრობენ. „აზოვის“ პოლკის მებრძოლები ამბობენ, რომ დაჭრილებს უკვე აღარ შეუძლიათ ბრძოლა და მათ სასწრაფოდ ევაკუაციას ითხოვენ.
„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია, რომელსაც „აზოვის“ პოლკის მებრძოლები, ასევე საზღვაო ქვეითები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები იცავენ, ფაქტობრივად ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომლის აღებასაც რუსები ორ თვეზე მეტია ცდილობენ. „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების ევაკუაცია 7 მაისს დასრულდა.
ამ თემაზე:
პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმის გაუქმების და მისი ბლოკირების ბრძანება გასცა