weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური ძალადობის მცდელობაში გვინეტ პელტროუმ და ანჯელინა ჯოლიმაც დაადანაშაულეს

16:53 ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017

ჰოლივუდში სულ უფრო მეტი ცნობილი სახე ჩნდება, რომელიც ჰარვი ვაინშტაინის გახმაურებულ სკანდალზე კომენტარს აკეთებს. გავლენიანი კინოპროდიუსერის შესახებ ინტიმური ხასიათის შევიწროებაზე კი ამჯერად ისეთი მსახიობები ალაპარაკდნენ, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ, ჰეზერ გრემი და აზია არჯენტო.

გვინეტ პელტროუმ, რომელმაც ოსკარი ჰარვი ვაინშტაინის მიერ წარმოებული „შეყვარებული შექსპირით“ მოიპოვა, გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც 22 წლის ასაკში მთავარი როლი მიიღო ფილმში „ემა“, რომელიც მისი ერთ-ერთი პირველი ცნობილი როლი იყო. ფილმის პროდიუსერი სწორედ „ვაინშტაინ კომპანის“ დამაარსებელი გახლდათ, რომელმაც დამწყებ მსახიობს ბევერლი ჰილზის სასტუმროში საქმიანი შეხვედრის დროს სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი უყვიროდა და როლის ჩამორთმევით ემუქრებოდა. 45 წლის მსახიობმა ასევე განმარტა, რომ ინციდენტის შესახებ თავის მეგობარ ბრედ პიტს აცნობა, რომელსაც იმ პერიოდში ხვდებოდა. ბრედ პიტმა თავის მხრივ პროდიუსერთან საქმის გარჩევა მოინდომა, რის გამოც ვაინშტაინმა პელტროუს ეჩხუბა და დაემუქრა, ეს ისტორია არავისთვის ეთქვა.

ოსკაროსან მსახიობსა და რეჟისორ ანჯელინა ჯოლის მსგავსი შემთხვევა 1998 წლის ფილმის Playing by the Heart პერიოდში ჰქონდა. ვარსკვლავის თქმით, ერთ-ერთი საქმიანი შეხვედრა ჰარვი ვაინშტაინმა სასტუმროში დაუნიშნა, სადაც მას საძინებელში შესვლა შესთავაზა, მსახიობისგან კი უარი მიიღო.

„ახალგაზრდობაში ჰარვი ვაინშტაინთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება მქონდა, რის შედეგადაც გადავწყვიტე, მასთან აღარასოდეს მეთანამშრომლა და ყველას იგივეზე ვაფრთხილებდი“, – განუცხადა ანჯელინა ჯოლიმ გამოცემას The New York Times.

ჰარვი ვაინშტაინთან მსგავსი ინციდენტის შესახებ ისაუბრა ცნობილმა მსახიობმა ჰეზერ გრემმაც. მისი თქმით, პროდიუსერი მას როლის მიცემას დაპირდა, თუკი მსახიობს მასთან სექსი ექნებოდა. რაც შეეხება აზია არჯენტოსა და ლუსია ევანსს, მსახიობების თქმით, ჰარვი ვაინშტაინს მათთან ორალური სექსი ძალის გამოყენებით ჰქონდა, შესაბამისად, 1997 და 2004 წლებში.

აღსანიშნავია, რომ გახმაურებული სკანდალის გამო ჰარვი ვაინშტაინს მეუღლე შორდება - დიზაინერმა ჯორჯინა ჩეპმენმა ოფიციალური განცხადება გააკეთა:

„ჩემი გული გატეხილია ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც ამ ყველაფრით დაზარალდნენ. გადავწყვიტე, ქმარს დავშორდე. ჩემი შვილები ჩემთვის პრიორიტეტია, ამიტომ ვთხოვ მედიას, ნუ შეგვაწუხებენ ამ მძიმე პერიოდში“, – განაცხადა ჯორჯინა ჩეპმენმა, რომელმაც ოსკაროსან პროდიუსერზე 2007 წელს იქორწინა და მისგან ორი შვილი ჰყავს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]