სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ანკარა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სირიელი ლტოლვილები სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდნენ და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ინფრასტრუქტურა აღდგეს.
„თურქეთის ჯარმა მიიღო ყველა ზომა, რათა დაეცვა აფრინის მშვიდობიანი მოსახლეობა. ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ მიმართულია არა აფრინის ოკუპაციისკენ, არამედ ტერორისტების გასანადგურებლად. აფრინში მშვიდობისთვის ვართ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთმა ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 2018 წლის 20 იანვარს დაიწყო. როგორც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ბექირ ბოზდაღმა განმარტა, სამხედრო კამპანია არ არის სირიის ხელისუფლების და მისი ხალხის ან ამ რეგიონში მცხოვრები არაბებისა და ქურთების წინააღმდეგ, არამედ მიმართულია „დაეშის“ (ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“), ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK), დემოკრატიული კავშირის პარტიის (PYD) და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მარტს თურქული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. აქედან 7 ბავშვია. სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა ქალაქის მთავარი საავადმყოფოს დაბომბვას.
ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს პრესსპიკერმა ლინდა ტომმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო აფრინი, რომელიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული, დაახლოებით 48 000-მა ადამიანმა დატოვა.