ლავროვის თქმით, რუსეთიდან გააძევებენ იმ ქვეყნების დიპლომატებსაც, რომლებმაც ვაშინგტონსა და ლონდონს სერგეი სკრიპალის საქმეზე მხარდაჭერა გამოუცხადეს.
კვირის დასაწყისში აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე. ვაშინგტონის ამ ნაბიჯის შემდეგ, სხვა ქვეყნებაც, მათ შორის ევროპულმა სახელმწიფოებმა, განაცხადეს, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ქვეყნიდან გააძევებდნენ.
დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად კანადა რუსეთის საელჩოსა და გენერალური საკონსულოს ოთხ თანამშრომელს გააძევებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც 4 დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამდენივე დიპლომატს გააძევებენ საფრანგეთი და პოლონეთი. ესპანეთი, ნიდერლანდები, დანია და იტალია დიპლომატიური სტატუსის მქონე ორ რუსს გააძევებენ, ჩეხეთმა პერსონა ნონ-გრატად რუსეთის სამი დიპლომატი გამოაცხადა, ლიტვაც სამ რუს დიპლომატს გააძევებს, რუსეთის 44 მოქალაქეს კი ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს. 13 დიპლომატს გააძევებს უკრაინა, ორს - ალბანეთი, თითო თითოს კი უნგრეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ფინეთი, ესტონეთი და ლატვია. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, 14 მარტს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.
დიდი ბრიტანეთი რუსეთს ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ადანაშაულებს, თუმცა რუსეთი სკრიპალების მკვლელობის მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მამა-შვილი 4 მარტს, სოლსბერიში „ნოვიჩოკის“ კლასის ნერვულ-პარალიტიკური ნივითიერებით მოწამლეს, რომელის შემუშავებაც საბჭოთა კავშირის დროს რუსეთში დაიწყეს.