სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. იულია სკრიპალმა საავადმყოფო 9 აპრილს დატოვა.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მამა-შვილის წინააღმდეგ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს და თავდასხმის უკან დიდი ალბათობით რუსეთის ფედერაცია დგას. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.
რუსეთი დიდი ბრიტანეთის ბრალდებას უარყოფს.
რუსეთის უშიშროების სამსახურმა სერგეი სკრიპალი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით 2004 წელს დააკავა. მას მოსკოვის სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წელს სკრიპალი ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა და სხვა სამ პირთან ერთად აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში გაცვალეს.
2010 წლიდან სკრიპალს დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი ჰქონდა მიღებული.