weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

აფგან მუხთარლი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

13:16 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

შაქის სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დატოვა. „კავკაზსი უზელის“ ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტებმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთის შესრულებად შეაფასეს. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

ბაქოდან ქალაქ შაქში ჟურნალისტის მხარდასაჭერად დაახლოებით 30 ადამიანი ჩავიდა. მათ შორის იყო პოლიტპატიმართა მონიტორინგის ცენტრის უფროსი ელშან გასანოვი, რომელმაც „კავკაზსკი უზელთან“ განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმით მხოლოდ აზერბაიჯანში მცხოვრები აქტივისტები და ევროპაში მყოფი აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტები ინტერესდებიან.

„სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ეს საკითხი მხოლოდ მთავრობის კრიტიკოსებს აინტერესებთ, ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ ბევრი გულგრილია“, - აღნიშნა გასანოვმა.

2018 წლის 12 იანვარს ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო კონტრაბანდაში, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი ბაქოში აღმოჩნდა. მუხთარლი ამბობდა, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად ცემეს. 2018 წლის თებერვალში პატიმრობაში მყოფმა მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობის „მსხვერპლია“. ჟურნალისტის თქმით, ის საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესს იძიებდა, რის გამოც თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს.

აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ინფორმაციით, მუხთარლი 29 მაისს, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აფგან მუხთარლის ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
 
საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აფგან მუხთარლის მეუღლემ და ადვოკატმა არაერთხელ მოითხოვეს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურას დაეწყო. აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან თვენახევრის შემდეგ საქმე პროკურატურამ გადაიბარა. გამოძიების შედეგები ამ დრომდე ცნობილი არ არის. 
 
მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა მის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს. თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი სტრასბურგში საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩივის.
 
აზერბაიჯანის მთავრობას მუხთარლის გათავისუფლებისკენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა

 

ამ თემაზე:

ჩემს გატაცებაზე პასუხისმგებლობა გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება - აფგან მუხთარლი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]