weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფგან მუხთარლი ქართულად მოსაუბრე ორმა ადამიანმა გაიტაცა - ადვოკატი

10:41 პარასკევი, 02 ივნისი 2017

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის ინფორმაციით, 29 მაისს, მუხთარლი სახლში სამარშრუტო ტაქსით ბრუნდებოდა, საიდანაც ჩამოსვლის შემდეგ, ქართულად მოსაუბრე ორი ადამიანი თავს დაესხა და გაიტაცა.

„აფგან მუხთარლი ჭონქაძის ქუჩაზე მივიდა, სადაც ქართულად მოსაუბრე ორმა ადამიანმა შეუკრა ხელები, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს „ოპელის“ მარკის ავტომობილით. ჩვენ მივუთითეთ საგამოძიებო სამსახურს, რომ ამ ტერიტორიაზე არაერთი სათვალთავალო კამერაა განთავსებული. ამ ვიდეოკამერების ჩანაწერების ნახვის და გაანალიზების შემთხვევაში, ძალიან მარტივად იქნებიან იდენტიფიცირებულნი ის ადამიანები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს“, - ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი „რუსთავი 2“-თან.

აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების დამალვას ქართული მხარე ცდილობს.

„შევისწავლეთ შესაძლო მარშრუტი, რომელითაც ის სახლში ბრუნდებოდა. აქ ყველგან კამერებია დამონტაჟებული და შესაძლებელია მომხდარზე უფრო მეტო დეტალის მოძიება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დამალოს ეს, თითქოს ისინი არაფერ შუაში არიან, რადგან შეთანხმება აქვთ აზერბაიჯანის მთავრობასთან. აფგან მუხთარლი საქართველოდან გაიტაცეს და პასუხისმგებლობა ქართულ ძალოვან სტრუქტურებს ეკისრებათ. ჩვენ პარალელურად ჟურნალისტურ გამოძიებასაც ჩავატარებთ“ - აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

შეგახსენეთ, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის წარუდგინა. ბაქოს სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც ბრალდებულის აზერბაიჯანელმა ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ საქართველოს საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის ნებართვის გარეშე გადაკვეთოს დაბალია, მაგრამ არსებობს. მინისტრმა უარყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახისა და ადვოკატების ვერსია საქმესთან საქართველოს სამართალდამცავი უწყებების შესაძლო კავშირის შესახებ.

მღებრიშვილის ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]