ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით აწყობს.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი 28 ივნისს თბილისში, ეროვნულ მუზეუმში აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმის კოლექციის გამოფენით გაიხსნება, ხოლო ახალციხეში საზეიმო გახსნა 30 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.
რაბათში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი დამთვალიერებლებისთვის 1-ელ და 2 ივლისს, 10:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათამდე იქნება ღია.
ფესტივალის ფარგლებში ახალციხის შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე საქართველოში მომუშავე ხალხური ოსტატები, დიზაინერები, მეწარმეები და სხვადასხვა გაერთიანებები (სახელოსნოები და გალერეები) წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას, აჩვენებენ სხვადასხვა ხალიჩური ნაწარმის ქსოვის, შალის და აბრეშუმის ნართის მომზადების პროცესს. ჩატარდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები ხალიჩების, ფარდაგების ორნამენტის, ფერის, დიზაინის და ქსოვის ტექნიკის შესახებ.
ხალიჩების ფესტივალში საქართველოს გარდა მონაწილეობას მიიღებენ ირანის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, სომხეთსა და თურქეთის წარმომადგენლები. ისინი თანამედროვე ხალიჩურ ნაწარმს წარმოადგენენ.
ფესტივალზე შესაძლებელი იქნება გამოფენილი ნაწარმის ყიდვაც.
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, 1-ელ და 2 ივლისს, თბილისიდან ახალციხის მიმართულებით უფასო ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსი ვარდების რევოლუციის მოედნიდან 08:00 საათზე გავა, უკან კი 23:00 საათზე დაბრუნდება.