weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

კულტურის სამინისტრო თბილისში რუსი არტისტების კონცერტების გაუქმებასთან კავშირს უარყოფს

11:34 შაბათი, 03 სექტემბერი 2022

საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს, რუს ხელოვნებს მაქსიმ გალკინს და ანდრეი მაკარევიჩს სამინისტროს მიერ უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე.

კულტურის სამინისტრო განმარტავს, რომ ძველი სპორტის სასახლე უკვე მრავალი წელია კერძო საკუთრებაა და „კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას“.

„რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ. შევახსენებთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ ტელევიზიებს, რომ ახალი სპორტის სასახლე უკრაინისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. შესაბამისად, ფუჭია ყოველგვარი მცდელობა კულტურის სამინისტროს გარშემო სკანდალის მოწყობისა და მოცემული სათუთი თემით მანიპულირების მიზნით“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინის მხარდამჭერი რუსი არტისტების, მაქსიმ გალკინის და ანდრეი მაკარევიჩის (როკ-ჯგუფი „მაშინა ვრემენი“) კონცერტების ჩატარებაზე ორგანიზატორებს უარი ეთქვათ, გუშინ ბილეთების გამყიდველმა კომპანიამ გაავრცელა. Biletebi.ge ღია წერილში, რომლის ადრესატი კულტურის სამინისტროა, წერდა, რომ დარბაზის მფლობელმა უარის ფორმალურ მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელა. კონცერტები 24 სექტემბერს და 15 ოქტომბერს იყო დანიშნული.

„თვე-ნახევარია ბილეთები იყიდება და უკვე რამდენიმე ათასი ბილეთი გაყიდულია. დარწმუნებულები ვართ, რომ აკრძალვა წამოვიდა იმ სტრუქტურიდან, რომელიც ამის გაკეთებას მიჩვეულია. სავარაუდოდ, მთავრობისგან.

თუ ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო [არტისტებს] იმიტომ ვბლოკავთ, რომ გვეშინია რუსეთი არ გავაღიზიანოთ, შემდგი ნაბიჯი რა იქნება? Facebook-ს დაბლოკავენ?“, – ამბობდა მედიასთან Biletebi.ge-ის წარმომადგენელი გიორგი ჩხიკვიშვილი, რომლისთვისაც კერძო კომპანიის გადაწყვეტილება მოულოდნელი და გაუგებარია:

„რატომ უნდა აწყობდეს დარბაზს, კერძო კომპანიას, რომელსაც კოვიდის გამო ორი წელი ისედაც არ ჰქონდა ღონისძიებები, კონცერტების გაუქმება?! ლაპარაკია არტისტებზე, რომლებიც რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ მკვეთრად ოპოზიციურად არიან განწყობილები. ყველამ იცის მაკარევიჩის და გალკინის პოზიცია. ბუნებრივია, დავუკავშირეთ მათ პოლიტიკურ განცხადებებს“.

თბილისის სპორტის სასახლის ხელმძღვანელმა, მიშა ეძგვერაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ პოლიტიკური კონტექსტი გამორიცხა და თქვა, რომ შენობას პრობლემა შეექმნა, რის შესახებაც „ერთი კვირის წინ შეიტყვეს“.

სპორტის სასახლეში არც წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე მომღერლის, ვალერი მელაძის სოლო კონცერტი შედგება, რომელიც 23 ნოემბერს იყო დაგეგმილი. ამ შემთხვევაში ბილეთები საიტზე tkt.ge იყიდება. მელაძემ - გალკინისა და მაკარევიჩის მსგავსად - რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება დაგმო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]