weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა და კონკურსი გამოაცხადა

14:50 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022

საქართველოს კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება და ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება, ყოველწლიურად, ივლისის თვეში გამოცხადდება და მისი ძირითადი მიზანია ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება. ამასთან, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისათვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

  • ქალი პროზაიკოსი - საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;
  • ქალი პოეტი - საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
  • ქალი მთარგმნელი - საუკეთესო თარგმანისთვის;
  • ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი.

თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით). კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.

პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა, ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა.

„კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით, მინისტრის მიერ ყოველწლიურად შეიქმნება ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია, 5 წევრის შემადგენლობით“, – განაცხადა წულუკიანმა.

წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება 20 ივლისიდან დაიწყება და 22 აგვისტოს, 12:00 საათზე დასრულდება. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]