ფონდის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19 – მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აგებული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობები. პროექტი ასევე ითვალისწინებს მოშორებით მდებარე ორი განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების მქონე სახლის - ილია ჭავჭავაძისა და ე.წ. „აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაციას.
„საერთო ჯამში, დაგეგმილია 40 სახლის, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 24 სახლის რეაბილიტაცია/რესტავრაცია. პროექტის მიზანია ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა. რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებზე გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათების მოწყობაც“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე თვეში დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 4 600 000 ლარია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, დუშეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეაბილიტირებული უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ადგილობრივების დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.