სამარხების კომპლექსის კვლევისას, არქეოლოგებმა მავზოლეუმის დალუქულ კარს მიაგნეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასში ათასობით წლის განმავლობაში ხელუხლებელი არტეფაქტები უნდა იყოს.
სამარხებს შორის არის შვიდი საფლავი, რომელთაგან ოთხი ძველი სამეფოს პერიოდს მიეკუთვნება (ძვ. წ. 2686-2181 წ. წ.). ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ცნობით, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მეხუთე დინასტიის პერიოდისაა და ეკუთვნის კაცს, სახელად ხუფუ-იმჰატს, რომელიც სამეფო სასახლის ნაგებობათა ზედამხედველი იყო. დანარჩენი სამი საფლავი გაცილებით ახალია და ეკუთვნის გვიანდელ პერიოდს, რომელიც ძვ. წ. 664-332 წლებში გრძელდებოდა. ამ სამარხებში დაკრძალულია მუმიფიცირებული კატები. ასევე აღმოჩენილია ათეულობით კატის მოვარაყებული ქანდაკება და კატისთავიან ღვთაება ბასტეტის ბრინჯაოს სკულპტურა.
მუმიფიცირებული კატები და სხვა ცხოველები ეგვიპტეში სულაც არ არის უჩვეულო. ძველ ეგვიპტეში საერთო ჯამში 70 მილიონი სხვადასხვა ცხოველის მუმიფიცირება მოხდა. მათ შორის არის ისეთი წმინდა ცხოველები, როგორებიც იყო: იბისები, ნიანგები, კატები და ძაღლები. მაგრამ საქარის სამარხების კომპლექსი, რომელიც იმ დროის დედაქალაქ მემფისს ემსახურებოდა, შეიცავს უიშვიათეს ვარიანტს - მუმიფიცირებულ ხოჭოებს, რომლებიც ხოჭოების გამოსახულებებით დეკორირებულ სარკოფაგშია დამარხული.
ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის განცხადებით, მუმიფიცირებული ხოჭოები მართლაც დიდი იშვიათობაა და მსგავსი რამ აქამდე არასოდეს აღმოუჩენიათ. პირველ სარკოფაგში ორი საკმაოდ კარგად შენახული ხოჭო აღმოჩნდა, მეორეში კი რამდენიმე პატარა ხოჭო.
რაც შეეხება ნეკროპოლისში აღმოჩენილ დალუქულ კარს, მის გახსნას არქეოლოგები რამდენიმე უახლოეს კვირებში გეგმავენ.