weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აფხაზურ და მეგრულ აჯიკას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

23:00 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018

აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ეს სტატუსი აჯიკის უძველესი და მივიწყებული რეცეპტების აღდგენას შეუწყობს ხელს.

„აჯიკა ერთგვარი ერთიანობის სიმბოლოც არის ქართველებსა და აფხაზებს შორის. აფხაზურ და მეგრულ რეცეპტებში განსხვავება თითქმის არ არის. აჯიკის მოზადების წესისთვის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს გარკვეულ ტრადიციებში დაბრუნებას, აღდგენას და მისთვის, როგორც ქართული სუფრის შემადგენელი ნაწილისთვის, ღირსეული ადგილის დამკვიდრებას“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ სააგენტო „ლაივპრესთან“ ინტერვიუში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჯიკას, რომელსაც ტრადიციულად აფხაზეთში ამზადებდნენ, „აპირპილ-ჯიკა“ ჰქვია და მისი ძირითადი ინგრედიენტები წითელი ცხარე წიწაკა და მარილია. აფხაზურად აჯიკა („аџьыка“) მარილს ნიშნავს, ხოლო წიწაკითა და სხვა სანელებლებით შეკმაზულ მარილს - „აპირპილ-ჯიკას“ და/ან „აჯიკ-ცაცას“ უწოდებენ.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, „აპირპილ-ჯიკას“ წარმოშობა აფხაზ მწყემსებთან არის დაკავშირებული. მისი პირველადი დანიშნულება ქურდობის პრევენცია უნდა ყოფილიყო, კერძოდ, საქონლის მეპატრონეები პირუტყვის საძოვრებზე გაშვებამდე მწყემსებს ცხოველების გამოსაკვებ მარილს აძლევდნენ. მარილი საქონელს მადას უღვიძებს, შესაბამისად, ისინი მეტ წყალსა და მეტ საკვებს იღებენ, რა წონას მატებს. გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისთვის, მარილი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტი იყო და დაქირავებული მწყემსები მას იპარავდნენ, ან თავად იყენებდნენ, მეპატრონეები „ცხვრის საგზალს“ ცხარე წიწაკას აყრიდნენ. თუმცა, წიწაკიანი მარილი მეცხვარეებისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა და მათ თავადაც დაიწყეს სანელებლებისა და ბალახეულის დამატება

დღეს „აპირპილ-ჯიკას“ უმეტესწილად „აჯიკის“ სახელით იცნობენ. ისტორიული სახელის ცვლილების გარდა, მისი რეცეპტიც შეიცვალა. „აპირპილ-ჯიკა“ უამრავი სხვადასხვა მეთოდით მზადდება, ფართოდ იყიდება კომერციულ ბაზარზე და აქტიურად გამოიყენება კულინარიაში. ახლაც, როგორც ადრე, ყველა ოჯახს თუ მზარეულს, თავისი რეცეპტი აქვს, რომელსაც ხშირად ასაიდუმლოებენ ხოლმე, რომ ინდივიდუალურ სპეციფიკად, ერთგვარ ოჯახურ ტრადიციად დარჩეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]