weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბურჭულაძე განმარტავს, რატომ იმღერა კონცერტზე, რომელსაც პუტინი ესწრებოდა

00:04 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე განმარტავს, რატომ მიიღო მონაწილეობა რუსეთში გამართულ იმ კონცერტში, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. ბურჭულაძის განცხადებით, სანქტ-პეტერბურგში, დირიჟორ იური ტემირკანოვის იუბილისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე თავად დირიჟორის მიწვევით იმყოფებოდა.

„იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას მისივე პატივსაცემად და მისივე მიწვევით. აუცილებლად ჩავალ და მივულოცავ დიდ მაესტროს ყველა მომდევნო იუბილესაც. მთელი ცხოვრება მემახსოვება და მადლიერი ვიქნები მისი მხარდაჭერის. ომის შემდეგ, როდესაც ბევრი ჩემი კოლეგა თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან, იური ტემირკანოვი 2013-ში მთელი თავისი ორკესტრით ჩამოვიდა თბილისში და საქველმოქმედო კონცერტი გამართა ქართველი ბავშვების დასახმარებლად. 2008 წელსაც იყო ჩამოსული ჩემს იუბილეზე...

იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან.

მთელი ჩემი ცხოვრება, როგორც შემეძლო, ვემსახურე ჩემს ქვეყანას და იმ თითოეულ ქართველს, ვისაც ჩემი თანადგომა სჭირდებოდა. ბევრი სითბო და სიყვარულიც მიმიღია, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ვისაც არ მოვწონვარ ან არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი, ვუსურვებ, თავად შექმნან უკეთესი და საერთოდ, ჩემს წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა სჯობს, ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი 15 დეკემბერს გაიმართა. პაატა ბურჭულაძემ ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

რუსეთში სიმღერისთვის პაატა ბურჭულაძე ქართველი პოლიტიკოსების ნაწილმა გააკრიტიკა. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქვეყნისთვის ზურგში დანის დარტყმის ტოლფასია მოსკოვში, პუტინთან სიმღერა თუ ცეკვა.

„ბურჭულაძე განსხვავებული შემთხვევაა, რადგან ის მომღერლის გარდა, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აქვს და მისგან კიდევ უფრო მიუღებელია ასეთი საქციელი. ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როცა რუსეთი ილუზიას ქმნის, რომ ხალხი მათთან ურთიერთობაში თავს გადასარევად გრძნობს და ვითომ კულტურა სხვა სფეროა. ბურჭულაძე იყო პოლიტიკოსი. ის არის რაღაც მხრივ ერთ-ერთი სახე საქართველოსი, მათ შორის ამ კულტურის სფეროში. ამიტომ, მისგან განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ხოშტარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]