weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსის აღდგენისთვის ფონდი შეიქმნა

16:06 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსის სრული რესტავრაციის და მონასტრის ბაზაზე ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის შექმნის მიზნით სპეციალური ფონდი შეიქმნა.

ახალი შუამთის რეაბილიტაციის ფონდის დამფუძნებელი მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იოანაა, კრებულთან ერთად. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, ფონდის მართვას განახორციელებს სამეურვეო საბჭო, რომელშიც, დამფუძნებლების გარდა, შევლენ ეკლესიის, კულტურის და ბიზნესის წარმომადგენლები.

ფონდის დაარსებით, იგეგმება ახალი შუამთის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ტაძრის და ასევე, მონასტრის ისტორიული ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაციას.

პროექტის სლოგანია „ახალი შუამთა - ახალი თაობის მხარდასაჭერად“. შესაბამისად, პროექტის უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება მონასტრის ბაზაზე ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის ჩამოყალიბება.

ახალი შუამთის საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი სამი მიმართულებით იმუშავებს: საზაფხულო სკოლა მოზარდებისათვის; ადგილი სამეცნიერო, ლიტერატურული, სახელოვნებო ვორქშოპებისა და შემოქმედებითი სესიებისთვის; ბიბლიოთეკა და საგანმანათლებლო-შემოქმედებითი წრეები ახალგაზრდებისთვის.

ფონდის პრეზენტაცია 19 დეკემბერს გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა.

„ისტორიულად, განათლების ცენტრი და ქართული ეკლესია ყოველთვის ერთმანეთთან ასოცირდებოდა. ყველა ქართული ეკლესია და მონასტერი იყო საგანმანათლებლო ცენტრი და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და რომლებიც ჩვენს მიერ მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს, სწორედ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა. ნიშანდობლივი და სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია 21-ე საუკუნეში გრძელდება და ჩვენს მომავალ თაობებს ექნებათ საშუალება, განათლება ასეთ ცენტრში მიიღონ. ჩვენი მთავრობისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებითაც ქართული ეკლესია-მონასტრები ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა და მათ სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, რათა ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევძლებთ, ეს უნიკალური საგანძური მომავალ თაობებს პირვანდელი სახით გადავცეთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ფონდის პრეზენტაციაზე.

ახალი შუამთა კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მონასტერი მე-16 საუკუნეში, ლევან კახთა მეფის მეუღლის, თინათინ დედოფლის მიერ დაარსდა. მონასტერი რამდენჯერმე ძლიერ დაზიანდა, განსაკუთრებით შაჰ-აბასის შემოსევების დროს. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიის აღდგენა მხოლოდ მეფე ერეკლე II შეძლო. მონასტრისთვის მძიმე პერიოდი რუსეთის იმპერიის დროსაც გაგრძელდა, რასაც, შემდგომში, ათეისტური საბჭოთა რეჟიმის დროს მონასტრის დახურვა მოჰყვა. სამონასტრო ცხოვრება აქ მხოლოდ 1990-იანი წლებიდან აღდგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]