კულტურის სამინისტროს ცნობით, 17:00 საათზე დაგეგმილია ამავე თეატრის მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერისა და თელავის საპატიო მოქალაქის ივანე იანტბელიძის 65 წლის საიუბილეო საღამო და მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა.
გარდა ამისა, მსახიობს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცემა. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაშია ივანე იანტბელიძის ბენეფისი „მონოლოგი“, ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის „258 წლის თელავის თეატრი“ და გია ცქიტიშვილის წიგნის „ბერიკა-მსახიობელი“ პრეზენტაციები, ასევე საქართველოს თეატრალური საზოგადოების სახელობითი პრემიებით დაჯილდოების ცერემონია.
ივანე (ვანო) იანტბელიძეს თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში განსახიერებული აქვს 100-ზე მეტი როლი. მიღებული აქვს საქართველოს თეატრალური საზოგადოების ოთხი პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ასევე, პრემია „დურუჯი“.
რაც შეეხება ქართული თეატრის დღეს, ქართული პროფესიული თეატრი პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა დააარსა. მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა. ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა „გაყრა“. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.