კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რესტავრატორთა ჯგუფმა კოშკის გაწმენდით სამუშაოები დღეს დაიწყო. ხვალ კი ადგილზე ინსპექტირების ჯგუფი ჩავა, რომელიც ანაზომებს გააკეთებს. ანაზომების საფუძველზე ჩამონგრეული კოშკის დაჩქარებულ ვადებში აღდგენის პროექტი მომზადდება.
ზემო სვანეთში, უშგულის თემში, სოფელ ჩვიბიანში XI-XII საუკუნეში აგებული კოშკი 22 ივნისს მთლიანად ჩამოინგრა. უშგულში გამგებლის წარმომადგენელის ბესო ჩარქსელიანის თქმით, კოშკს ბზარები ჰქონდა გაჩენილი და დიდი ხანია გამაგრებას საჭიროებდა.
„კოშკი 22 ივნისს ჩამოინგრა. მთლიანად გასწორდა მიწასთან. სამმეტრიანი კუთხეღაა დარჩენილი. იმიტომ დაინგრა, რომ ყურადღებას არ აქცევენ. საკუთარი კოშკის მოვლას ჩვენ არ გვანებებენ. დიდი ხანია გამაგრებას საჭიროებდა. რამდენჯერმე მიმართეს კიდეც ძეგლთა დაცვის სააგენტოს. ჩვენი საქმეა ეგ, ჩვენ მივხედავთო, მაგრამ ფაქტი სახეზეა როგორც მიხედეს“, - აღნიშნა ბესო ჩარქსელიანმა.
23 ივნისს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ განაცხადა, რომ სააგენტოსთვის რთულად განსასაზღვრი იყო კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები, რომ კოშკი არ დანგრეულიყო. მისივე თქმით, კოშკს 2017 წელსვე აღადგენდნენ.