„მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს შეიქმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წწ ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“, – აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.
მათივე ინფორმაციით, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში. როგორც ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან, სამკაული კვლავ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოიფინება.
ამასთან, ეროვნული მუზეუმი აქვეყნებს სამკაულის ფოტოს, რომელიც, მათი თქმით, 2018 წლის ოქტომბერში, ლიბიგჰაუსის მუზეუმშია გადაღებული.
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ეს განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალური ქსელ Facebook-ის მომხმარებელმა, მანჩო მენაბდემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეროვნული მუზეუმიდან გატანილი საგანძური გაყიდეს.
„2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი, ცინიკურად და თავხედურად საფრანგეთში გაყიდეს! გუშინწინ შემთხვევით წავაწყდი ამ განცხადებას ფრანგულ საიტზე, სადაც ყიდიან ხელოვნების ნიმუშებს და ანტიკვარიატს, ეს არის 2011 წელს საქართველოდან გამქრალი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამის ფრაგმენტი“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.