weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულში მიწის დამუშავებისას ადრეული შუა საუკუნეების კოლექტიური სამარხი აღმოაჩინეს

17:40 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში (კასუმლოს თემი) მცხოვრები მახრიზა ნაბიევას კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას ადრეული შუა საუკუნეების ქვაყუთი აღმოჩნდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შეფასებით, პირველადი დათვალიერებით, ახლადგამოვლენილი ობიექტი სავარაუდოდ ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის კოლექტიური სამარხია. ის მიწის ზედაპირიდან 92 სანტიმეტრის სიღრმეშია განთავსებული.

„ქვაყუთის ზომების სიგრძე გარე პერიმეტრზე 210 სმ-ს, სიგანე – 78 სმ, ხოლო სიღრმე 41 სმ. სამარხის ქვების სისქე 11-12 სანტიმეტრია. ქვაყუთი კარგად დამუშავებული ქვიშაქვის დიდი ქვებითაა აგებული იყო და მიწაში ვერტიკალურად ჩადგმულ ოთხ და გადახურვის ორი ქვას მოიცავს. სამარხის ძირს კირხსნარით მოლესილი მიწა წარმოადგენს.

სამარხში აღმოჩენილია ქრისტიანული წესით, გულაღმა ჩასვენებული ორი ზრდასრული ადამიანის ძვლები.

თავისა და მენჯის ძვლის მიხედვით, სავარაუდოდ სამარხის სამხრეთ ნაწილში მამაკაცია დასვენებული, ხოლო ჩრდილოეთით კი ქალის ნეშტია. სამარხში დაფიქსირებული კიდევ ორი მიცვალებული, რომელთა ძვლები სამარხის ბოლოსკენაა მიხვეტილი. მათგან ერთი, სავარაუდოდ, მოზარდი ადამიანის ძვლოვანი მასალის ნაშთებია, რომელიც სამარხში ჩრდილოეთით დაფიქსირებული მიცვალებული ქალის მუხლებთან აღმოჩნდა. მეოთხე მიცვალებულის ძვლების ნაშთები კი სავარაუდოდ ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც სამარხის აღმოსავლეთ კუთხეში ესვენა“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, სამარხში დროთა განმავლობაში ჩამდინარე გრუნტის წყლის გამო ძვლოვანი მასალა ცუდ მდგომარეობაში, სანახევროდ დაშლილი იყო ისე, რომ ჩონჩხების ალაგება ვერ მოხერხდა.

„სამარხის გახსნის პროცესში ნათლად გამოჩნდა, რომ სამარხის ფილები და კირხსნარი წყალს არ ატარებდა, ძვლოვანი მასალა სანახევროდ ჩაფლული იყო წყლის და ტალახის ნაზავში. საბოლოოდ, ფოტო და გრაფიკული ფიქსაციის შემდეგ ძვლოვანი მასალა სამარხში დარჩა, მიწით ამოივსო და დაიხურა. სამარხი აბსოლუტურად უინვენტარო აღმოჩნდა“, – აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ტერიტორიის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ტრაქტორის მუშაობისას შემთხვევით განადგურდა კიდევ ერთი სამარხი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]