„გადაწყდა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს უკრაინა არ იქნება. როგორც იცით, წლევანდელი შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული მარუვი გახდა, თუმცა შეთანხმება ჩვენსა და გამარჯვებულ მომღერალს შორის არ შედგა. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი წესით დავასახელოთ ახალი კანდიდატი, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი ამაზე უარს ამბობს, რადგან ის პატივს სცემს მაყურებლის არჩევანს“, – განმარტა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ზურაბ ალასანიამ.
შიდა შესარჩევ კონკურსზე 23 თებერვალს გამარჯვებულ ანა კორსუნს, იგივე მარუვსა და მაუწყებელს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ოფიციალურ მიზეზად 27 წლის მომღერლის რუსეთში დაგეგმილი ტურნე დასახელდა, რომელზეც მარუვმა განცხადებაც გაავრცელა და მზად იყო, საზღვარგარეთ დაგეგმილი ტურნე კონკურსის სანაცვლოდ გაეუქმებინა.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მომღერალი ვერ შეთანხმდნენ, ტელეკომპანიისგან შეთავაზება მიიღეს შესარჩევ კონკურსზე მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მონაწილეებმა, თუმცა ჯგუფებმა - Freedom Jazz და Kazka, დისკვალიფიცირებული მარუვის ჩანაცვლებაზე უარი თქვეს.
ამის შემდეგ უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარის მიზეზად არტისტების აგრესორ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები დაასახელა.
„2019 წლის ეროვნულმა შესარჩევმა კონკურსმა გამოავლინა უკრაინის მუსიკალური ინდუსტრიის პრობლემა და მისდამი საზოგადოების ყურადღება მოიზიდა: ეს არის აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შოუბიზნესთან არტისტების კავშირი, რომელიც სამხედრო კონფლიქტის მეხუთე წლისთავზეც ძალიან მჭიდრო რჩება”, – ნათქვამია უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინა ევროვიზიის კონკურსზე 2003 წლიდან მონაწილეობს. ამ ქვეყნის წარმომადგენლებიდან ორმა, რუსლანამ და ჯამალამ კონკურსი მოიგეს, შესაბამაისად - 2004 და 2016 წლებში, 2015 წელს კი უკრაინამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო მონაწილეობაზე უარი თქვა.