აღსანიშნავია, რომ ამერიკის კინოაკადემიას უკვე ჰყავს ქართველი წევრი - რეჟისორი ზაზა ურუშაძე, რომელიც ორი წლის წინ გახდა კინოაკადემიის წევრი. წლევანდელ მიპატიჟებულ კანდიდატებს შორის კი არიან: უკრაინელი სცენარისტი და რეჟისორი კირა მურატოვა, შოტლანდიელი რეჟისორი გაი რიჩი, ასევე პოპულარული ვარსკვლავები - მონიკა ბელუჩი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ომარ სი, გალ გადოტი, ელ ფენინგი და სხვები.
უპრეცედენტო რაოდენობის სხვადასხვა ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა ნიშნით შერჩეულ კანდიდატთა დამატება (შედარებისთვის, შარშან კინოაკადემიამ 683 წევრი დაიმატა) იმ დისკრიმინაციული პრობლემების აღმოფხვრის შემადგენელი ნაწილია, რის გამოც კინოაკადემიის ბოლო ორი დაჯილდოება მკაცრად გააკრიტიკეს. მოგეხსენებათ, ოსკარების ბოლოსწინა ცერემონიაზე ოც ნომინირებულ მსახიობს შორის არცერთი ფერადკანიანი არ იყო, რამაც უდიდესი უკმაყოფილება, საყოველთაო აღშფოთება და მრავალი დისკუსია გამოიწვია, უკანასკნელი დაჯილდოება კი ქალი ნომინანტების სიმცირის გამო გააკრიტიკეს.
თუ ყველა პოტენციური კანდიდატი დათანხმდება ამერიკის კინოაკადემიის წევრად გახდომას, კინოაკადემიის წევრთა მთლიან რაოდენობაში ქალი წარმომადგენლების რიცხვი 25%-ის ნაცვლად 28% გახდება, ფერადკანიანების მაჩვენებელი კი 8%-დან 13%-მდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ კინოაკადემიის 6000-ზე მეტი წევრი ჯერ ოსკარის სანომინაციე კანდიდატებს აძლევს ფარულად ხმას, ნომინანტების გამოცხადების შემდეგ კი უშუალოდ ნომინანტებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენი ხმის მიცემის პროცედურა იწყება, რომელიც ოსკარების დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე სრულდება ხოლმე, გამარჯვებულთა ვინაობას კი ცერემონიაზე აცხადებენ.