ტიუანაკუს განვითარების პიკში, სახელმწიფოში სავარაუდოდ 10 000-20 000 ადამიანი ცხოვრობდა. დეტალები, რაც ამ ხალხისა და მათი დიდი ხნის წინ გაუჩინარებული კულტურის შესახებ ვიცით, არქეოლოგიური აღმოჩენებიდან მომდინარეობს. ახლახან, მეცნიერებმა მათ შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს.
ბოლივიაში, ტიტიკაკას ტბაში მდებარე მზის კუნძულის სიახლოვეს, პირველი სისტემატიური არქეოლოგიური წყალქვეშა ექსპედიციის დროს, მკვლევარებმა აღმოაჩინეს ჩაძირული სარიტუალო არტეფაქტები, რომლებიც ზებუნებრივ ღვთაებებს ეძღვნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში რელიგია იმაზე გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ტბიდან დანალექების აღების შედეგად, მათ აღმოაჩინეს პუმის ფიგურის საკმევლის საფრქვევები. დეპოზიტებში მიაგნეს ხის ნახშირის ფრაგმენტებს, ოქროს, ნიჟარებისა და ქვების მრავალ ორნამენტს. მიღებულ ნიმუშებში არქეოლოგებმა ასევე იპოვეს თევზების, ამფიბიებისა და ფრინველების ძვლები, რომლებიც მათი აზრით, ბუნებრივი გზებით მოხვდა წყალქვეშ.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტიანაკუს ხალხი, რომელიც ტიტიკაკას ტბის მიდამოებში ახ. წ. 500-1100 წლებში განვითარდა, პირველი კულტურა იყო, რომელმაც ამ რეგიონში რელიგიური ღვთაებებისადმი მიძღვნილი კვალი დატოვა.
მიჩნეულია, რომ ტიუანაკუს ხალხისთვის პუმა მნიშვნელოვანი რელიგიური სიმბოლო იყო. ოქროს ორ მედალიონზე გამოსახულია პუმას გასხივოსნებული სახე, რომელიც მეცნიერთა აზრით ეძღვნებოდა მათი რელიგიური იკონოგრაფიის მთავარ მითიურ ფიგურას - ღვთაება ვირაკოჩას იგივე კონ-ტიკის.