კვირეული ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრობლობით იმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებებენ, ესპანელი მწერლები მკითხველთან საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ ქართველ კოლეგებთან პაატა შამუგიასთან, თეონა დოლენჯაშვილთან და ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად. ღონისძიებებს მოდერაციას გაუწევენ თანამედროვე მწერლები და კრიტიკოსები - შოთა იათაშვილი, ლევან ბერძენიშვილი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი.
„კვირეული 16 აპრილს გაიხსნება. პირველ შეხვედრას ქართველ მკითხველთან პოეტური კრებულებისა და ესსეების ავტორი ელენა მედელი გამართავს. ის ქართველ კოლეგასთან პოეტ პაატა შამუგიასთან ერთად ქართული და ესპანური პოეზიის თავისებურებებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს; 17 აპრილს ესპანური და ქართული მოთხრობების თავისებურებებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ პატრიცია ესტებან ერლესი და არკაითს კანო ქართველ კოლეგასთან თეონა დოლენჯაშვილთან ერთად; 18 აპრილს თანამედროვე ესპანელი მწერალი ნიკოლას მელინი ქართველ კოლეგასთან ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად რომანის ჟანრის თავისებურებებზე ისაუბრებს. ღონისძიებებს 16 აპრილს უმასპინძლებს მწერალთა სახლი, 17 აპრილს - წიგნის მაღაზია „ლიგამუსი“, ხოლო 18 აპრილს - „სტამბის წიგნები“, – აცხადებენ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში.
მათივე განმარტებით, ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეულის მიზანი ქართული ლიტერატურისა და ავტორების ცნობადობის გაზრდა და ესპანურ ლიტერატურულ სივრცეში პოპულარიზაციაა.
ესპანურენოვანი ლიტერატურული ღონისძიებები სექტემბერშიც გაგრძელდება, როდესაც თბილისს თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.