სტატიის ავტორი საფრანგეთის ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში გახსნილ ფიროსმანის გამოფენის შესახებ წერს და მკითხველს ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე მოუთხრობს.
„ჩვენ ვტკბებით იმ სამყაროთი, რომელიც ხორცშესხმულია და ნაბიჯ-ნაბიჯ დაყვება თვითნასწავლი ჯადოქრის, ნიკო ფიროსმანის ეპოსს. მოხეტიალე, კიბის ქვეშ მდებარე სარდაფის მტვერში გარდაცვლილმა უიღბლო მხატვარმა მოახერხა, სამყაროსთვის მოეტაცა საკუთარი ქვეყნის ყოველდღიური სილამაზე, სოფლის ლხინი და შავებში შემოსილი ქალები, მილიარდერები და ღარიბები, მშობლიური მთები და ღამის ბუ, მოიფიქრა დანარჩენი – ჟირაფები, აქლემები და ლომები“, – ნათქვამია სტატიაში.
არლში მდებარე ვან გოგის მუზეუმში ფიროსმანის ნახატების გამოფენა, რომელზეც ფიროსმანის 29 ნამუშევარია წარმოდგენილი, 2 მარტს გაიხსნა და პირველ ივნისამდე იქნება ღია. მუზეუმი თავის სივრცეში ქართველი მხატვრის გამოფენის მოწყობით ვენის ალბერტინას მუზეუმში გამართული ექსპოზიციის შემდეგ დაინტერესდა.